ქარიშხალმა "მარიამ" ღამით კარიბის ზღვაში მდებარე დომინიკის რესპუბლიკას ძლიერი წვიმა და წყალდიდობები მოუტანა. პრემიერ-მინისტრმა რუზველტ სკერიტმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ წინასწარი მონაცემებით, "ფართომასშტაბიანი ნგრევა" სახეზეა და ახლა მთავარია, პირველ რიგში, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები იპოვონ და გადაარჩინონ. "დახმარება გვჭირდება... ყველა სახის დახმარება" - თქვა მან.
შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქარის სიჩქარე საათში ზოგან 250 კილომეტრს აღწევდა. დომინიკის რესპუბლიკასთან მიახლოების წინ სინოპტიკოსებმა "მარიას" მეხუთე კატეგორია მიანიჭეს.
სატელიტების მონაცემებით, ქარიშხლის ეპიცენტრმა ღამით დომინიკის რესპუბლიკიდან გვადალუპეს სამხრეთ სანაპიროებისკენ გადაინაცვლა. მარიას ვირჯინის კუნძულებთან დღეს საღამოს ელიან. შემდეგ ის სავარაუდოდ, პუერტო-რიკოსკენ გადაინაცვლებს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუერტო-რიკოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გუბერნატორმა რიკარდო როსელომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. "დადგა დრო, თავი ოჯახის წევრებთან შეაფაროთ, ან სახელმწიფო თავშესაფრებში" - განაცხადა მან.
ღამით ძლიერი წვიმა და ქარი დაატყდა თავს ლივარდის და მცირე ანტილიის კუნძულებსაც. ირმას შემდეგ, ამ ტერიტორიებისთვის მარია თვის განმავლობაში უკვე მეორე დამანგრეველი ქარიშხალია.