ამერიკა ახალი ქარიშხლის და წყალდიდობების მოლოდინშია

ფლორიდის შტატში და პუერტო-რიკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი ირმა უახლოვდება.

დღეს საღამოს, ან ხვალ დილით გრიგალს ჯერ ლივარდის კუნძულებზე ელიან. მისი ტრაექტორია დაზუსტებული არ არის. ოკეანიდან მომავალმა ქარიშხალმა, კონტინენტთან მიახლოებისას, შეიძლება გეზი კუბისკენ აიღოს, ან ფლორიდის ჩრდილოეთით მდებარე შტატებისკენ.

შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ირმას ამ ეტაპზე მეოთხე კატეგორიის შტორმად აფასებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სიჩქარე საათში 230 კილომეტრს გადააჭარბებს. ასევე ელიან 7-დან 15 სანტიმეტრამდე ნალექს, რაც წყალდიდობებს და მეწყერს გამოიწვევს.