ამერიკაში მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

ქარიშხალ "ფლორენცის" მოახლოების გამო, ამერიკის რამდენიმე სანაპირო შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობამ შენობების გამაგრება, პროდუქტის მომარაგება და საგანგებოდ გახსნილ თავშესაფრებში გადასვლა დაიწყო.

ამ დროისთვის აღმოსავლეთ სანაპიროს დასახლებებიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გრძელდება. საგანგებო ვითარება შემდეგ შტატებშია გამოცხადებული: ვირჯინია, მერილენდი, სამხრეთ კაროლინა, ჩრდილოეთ კაროლინა და ასევე, ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონშიც - კოლუმბიის ოლქში.

დღეისთვის, ქარის სიჩქარე ოკეანეში საათში 220 კილომეტრს აღწევს. აშშ-ის ქარიშხლების მართვის ეროვნულმა ცენტრმა მას სიმძლავრის მიხედვით, მეოთხე კატეგორია მიანიჭა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექის რაოდენობა 40-დან 90 სანტიმეტრამდე იქნება. ქარიშხლის ხმელეთთან მოახლოებას ხუთშაბათს საღამოდან დაწყებული, პარასკევს დილამდე ელიან.