ჰანტერ ბაიდენის საქმის პროკურორს მეტი უფლებამოსილება მიანიჭეს

ჰანტერ ბაიდენი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილი

ამერიკის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ ფედერალური პროკურორი, რომელმაც ბრალი წაუყენა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს, დამატებით უფლებამოსილებას მიიღებს.

უფლებამოსილებათა გაფართოება საჭირო გახდა იმის გამოსაძიებლად, იყო თუ არა პრეზიდენტის შვილი არასათანადო ბიზნეს გარიგებებში ჩართული. განცხადება გენერალურმა პროკურორმა პარასკევს, 11 აგვისტოს გააკეთა.

ასევე ნახეთ: ჰანტერ ბაიდენი სასამართლოში გარიგებას ჯერჯერობით ვერ მიიღებს

გარლანდმა ჰანტერ ბაიდენის საქმის პროკურორ დევიდ ვეისს სპეციალური გამომძიებლის სტატუსი მიანიჭა. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებამდე, კონგრესში ისმოდა რესპუბლიკელი კანონმდებლების მუქარა საიმპიჩმენტო გამოძიებაზე, იმ დაუმტკიცებელი ბრალდებების გამო, რომ შვილის საქმიანობით, სარგებელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ნახა.

ვეისი ფედერალური პროკურორის პოსტზე თავის დროზე რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიშნა. ის თანამდებობაზე მუშაობას დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროსაც აგრძელებს. სპეციალური გამომძიებლის სტატუსი მას მეტ პრივილეგიებს და უფლებამოსილებებს ანიჭებს. რიგით ფედერალურ პროკურორებთან შედარებით, ვეისი მეტი დამოუკიდებლობით ისარგებლებს, მას ასევე შეეძლება მეტი თანამშრომლის დაქირავება გამოძების ფარგლებში.