ჰანტერ ბაიდენი - ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი ფედერალურმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით იყო აღძრული. საქმე კი 2018 წელს რევოლვერის შეძენას ეხება. პროკურორების თანახმად, მან იარაღის შესყიდვისას სავალდებულო კითხვარის შევსებისას იცრუა, როცა თქვა, რომ არ იყენებდა უკანონო ნარკოტიკულ საშუალებებს. ამის შემდეგ ის იარაღს უკანონოდ ფლობდა 11 დღის განმავლობაში.
პრეზიდენტის შვილს მაქსიმუმ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება თუკი მოსამართლე მერიელენ ნორიკა ასე გადაწყვეტს. თუმცა პირებს, რომლებსაც დანაშაულში პირველად ედებათ ბრალი, შესაძლო სასჯელის უმაღლეს ზომას იშვიათად უსჯიან. ჯერჯერობით უცნობია, მიუსჯის თუ არა საერთოდ პატიმრობას ჰანტერ ბაიდენს მოსამართლე.
არჩევნებამდე 5 თვით ადრე მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტის ვაჟი და სავარაუდოდ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი - დონალდ ტრამპი - ორივე დამნაშავედაა ცნობილი. საარჩევნო წელს ყურადღების დიდი ნაწილი კამპანიის შეხვედრებისა და გამოსვლების გარდა სწორედ სასამართლო დარბაზებისკენაა მიმართული.
ჯო ბაიდენი მისი შვილის საქმისგან დისტანცირებას უკვე თვეებია ცდილობს და არ აკეთებს ამ თემაზე საჯარო განცხადებებს, რათა ეს იუსტიციის დეპარტმენტზე წნეხად არ იყოს მიჩნეული. თუმცა ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ 81 წლის პრეზიდენტი ვაჟის ჯანმრთელობასა და სიფხიზლეზე გამუდმებით წუხს.
ჰანტერ ბაიდენიც, დონალდ ტრამპის მსგავსად ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიზებულია. ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი "ყალბი" და მიკერძოებულია.
ჯო ბაიდენმა სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც თქვა, რომ მიიღებს განაჩენს, როგორიც უნდა იყოს ის და შვილის შეწყალებას არ ეცდება. პრეზიდენტმა განაჩენის გამოცხადების შემდეგაც იგივე გაიმეორა.
"ჯილი და მე ყოველთვის ჰანტერის და ჩვენი ოჯახის დანარჩენი წევრების გვერდით ვიდექით, სიყვარულითა და მხარდაჭერით. ამას არასდროს არაფერი შეცვლის", - განაცხადა პრეზიდენტმა გამოქვეყნებულ წერილში.
თუმცა ეს არაა ჰანტერ ბაიდენის ერთადერთი სამართლებრივი "თავსატეხი". მას კალიფორნიის სასამართლოს წინაშეც მოუწევს წარდგომა სექტემბერში, სადაც 1.4 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადების დამალვას ედავებიან. რესპუბლიკელი კონგრესმენები, რომლებიც ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული საქმეების გამო ჯო ბაიდენის იმპიჩმენტს ითხოვენ, ამბობენ, რომ პრეზიდენტის ვაჟის სამართალდარღვევებზე კვლავ განაგრძობენ მუშაობას. თუმცა პროკურორებს, რომლებიც ჰანტერ ბაიდენის საქმეებს იძიებენ, ჯო ბაიდენის რაიმე ბრალეულობა ამ დრომდე არ გამოუვლენიათ.
ასევე ნახეთ: ჰანტერ ბაიდენი იარაღთან დაკავშირებულ საქმეზე ჩვენებას არ მისცემსბრალდების მხარე ხაზს უსვამდა ჰანტერ ბაიდენის წამალდამოკიდებულების პრობლემას. სასამართლოზე, რომლისთვისაც ბრალდებულს ჩვენება თავად არ მიუცია, მოისმინეს და ნახეს მოწმეების ჩვენებები და კადრები, რომლებიც პრეზიდენტის ვაჟის დამოკიდებულებას და აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების განგრძობით გამოყენებას ასახავდა. მათ შორის მისი ყოფილი ცოლის ჩვენება, რომელიც წამალდამოკიდებულების პრობლემის მოგვარების უშედეგო მცდელობებზე საუბრობდა და კადრები, სადაც ის კოკაინს სასწორზე წონის.
სასამართლოზე ასევე მოისმინეს ნაწყვეტი მისი 2021 წელს გამოქვეყნებული წიგნიდან, სადაც ჰანტერ ბაიდენი ამბობს, რომ ძმის გარდაცვალების შემდეგ "ფსკერს მიაღწია".
დაცვის მხარის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ იარაღის ყიდვისას მისი მდგომარეობა განსხვავებული იყო და კითხვაზე, რომელზეც პასუხი მიმდინარე დროში უნდა გაცემულიყო, ბაიდენმა სიმართლე თქვა, როცა დაწერა რომ არ მიიჩნევდა, რომ იმ მომენტისთვის წამალდამოკიდებული იყო. ამ პერიოდში კი მათი თქმით, ჰანტერ ბაიდენს შესაძლოა სასმელზე დამოკიდებულება ჰქონოდა, ეს კი ამერიკის მოქალაქეებს იარაღის შესყიდვას არ უკრძალავს.
ჰანტერ ბაიდენს გასულ წელს იმედი ჰქონდა, რომ საპროცესო შეთანხმებას მიაღწევდა. თავს დამნაშავედ ცნობდა გადასახადებთან დაკავშირებულ საქმეზე და იარაღის საკითხზე გასამართლებასაც თავიდან აიცილებდა, თუკი მომავალი ორი წლის განმავლობაში არანაირი სამართალდარღვევა არ ექნებოდა. წინასაარჩევნო წელს კი პრეზიდენტი ვაჟის სასამართლო განხილვებს თავიდან აიცილებდა. თუმცა დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა მოსამართლემ - მერიელენ ნორიკამ საპროცესო გარიგების პირობები უჩვეულოდ მიიჩნია და მას არ დათანხმდა. ადვოკატებმა და მოსამართლემ შეთანხმებას მას შემდეგ ვერ მიაღწიეს.