უნგრეთი უნდა მოემზადოს მეზობელ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის - თქვა ორშაბათს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. მან იქვე შეაფასა ევროკავშირის მიერ რუსეთზე უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციები და განაცხადა, რომ სანქციები ბლოკს ცუდად შემოუბრუნდა, რაც ენერგორესურსებზე ფასების ზრდაში გამოიხატა.
"თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ [მოსკოვზე დაწესებული] სანქციების შედეგად, ევროპელი ხალხი გაღარიბდა, მაშინ როცა, რუსეთმა არ დაიჩოქა" - თქვა ორბანმა და დასძინა: "ამ იარაღმა უკან გაისროლა, ევროპამ სანქციებით საკუთარ თავს ფეხებში ესროლა". უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ბუდაპეშტი ბრიუსელისგან "პასუხს ელის. ბრიუსელისგან მთელი ევროპა ელოდება პასუხს იმაზე, თუ რამდენი ხანი აპირებს ის ასე გაგრძელებას".
ასევე ნახეთ: ორბანი ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაზე საუბრობსორბანი, რომელიც აპრილში პრემიერად მეოთხედ აირჩიეს, უნგრეთში ინფლაციის და მზარდი ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ეს ყოველივე უნგრეთს მომავალ წელს ეკონომიკური რეცესიით ემუქრება. ორბანი ევროპის კავშირის პოლიტიკას ბევრი მიმართულებით ეწინააღმდეგება, მათ შორის რუსეთზე სანქციების დაწესების კუთხითაც, რაც მისი თქმით, ევროპის ეკონომიკას საფრთხეში აგდებს.
თავის მხრივ, ევროპის კავშირს ორბანის პოლიტიკისადმი სერიოზული პრეტენზიები აქვს. კანონის უზენაესობის მიმართულებით უნგრეთში შექმნილი პრობლემების გამო, ევროკავშირმა უნგრეთს მილიარდობით ევროს სუბსიდირება დაუბლოკა. ორბანი აცხადებს, რომ "თუ ბრიუსელის ბიუროკრატები კუთვნილ ფულს არ მოგვცემენ, ჩვენ საჭირო თანხებს სხვა ფინანსური წყაროებით მოვიძიებთ". მისი თქმით, უნგრეთმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება ამ საკითხებზე როგორც ევროპის კავშირთან, ისე "სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან".