უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინაში ქვეყნის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. რამდენიმე დღეში ევროკავშირის სამიტი ჩატარდება, რომელიც ბუდაპეშტის მიერ დაბლოკილი, უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტზე იმსჯელებს.

სიიარტო ქალაქ უჟჰოროდში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებასა და უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსს ანდრი ერმაკს შეხვდა. უნგრეთი უკვე რამდენიმე კვირაა ეწინააღმდეგება 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების უკრაინისთვის გადაცემას.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ღიაა გამოიყენოს ევროკავშირის ბიუჯეტი შემოთავაზებული დახმარების პაკეტისთვის, რაც ბუდაპეშტის პოზიციის ცვლილებას წარმოადგენს.

"გულწრფელი და კონსტრუქციული დიალოგი მოსალოდნელია სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინამ განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ ბლოკის 27 წევრი ქვეყანა, ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე დათანხმდება ოთხწლიან პაკეტს. უნგრეთი აქამდე ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც დახმარებას ბლოკავდა.