უნგრელმა მეცნიერმა კატალინ კარიკომ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ დრიუ ვეისმანმა ერთმანეთი ფოტოასლების გასაკეთებლად მისულთა რიგში გაიცნეს. მათ მიერ მრნა მოლეკულის (mRNA) აღმოჩენა კი მოგვიანებით საფუძვლად დაედო კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინის შექმნას.
დღეს, 2 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ კატალინ კარიკო და დრიუ ვეისმანი მედიცინის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის მფლობელები გახდნენ. სამეცნიერო წრეებში ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელსაც შვედეთის კაროლინსკის სამედიცინო ინსტიტუტი გასცემს.
ასევე ნახეთ: ნობელის ფონდმა რუსეთი და ბელარუსი დაჯილდოების ცერემონიაზე დაპატიჟათანმხლები ფულადი ჯილდო 11 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს, რაც დაახლოებით მილიონამდე დოლარის ოდენობის თანხას მოიცავს. „ლაურეატებმა წვლილი შეიტანეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის დროს, ვაქცინის განვითარების უპრეცედენტო ტემპში", ნათქვამია შვედეთის ნობელის კომიტეტის განცხადებაში.
კატალინ კარიკო უნგრეთში დაიბადა და გაიზარდა, 20 წლიდან ის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, თუმცა უნგრეთთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. ის დღესაც სცეგედის უნივერსიტეტის პროფესორია და პარალელურად მუშაობს ამერიკაში, ქალაქ ფილადელფიაში მდებარე პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც ვაქცინებს იკვლევს.
დრიუ ვეისმანი კი პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმია. ისინი ერთობლივად მუშაობდნენ ჯერ ზიკა ვირუსის, შემდეგ კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ბევრი ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომის ავტორები არიან.