საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა „არათანაბარი იყო“, წერს ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰუმან რაითს უოჩი" (HRW - Human Rights Watch) თავის წლიურ შეჯამებაში, „მსოფლიო ანგარიში 2024“, რომელიც ხუთშაბათს, 11 იანვარს გამოქვეყნდა.
ყველაზე მწვავე საკითხებს შორის, რომლებიც დომინირებდა შარშან ქართულ პოლიტიკაში, სახელდება დაძაბულობა მთავრობის მიერ 12 პრიორიტეტული პირობის შესრულების გამო, რომლებიც ევროკავშირმა დაუსახა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ასევე, საუბარია კანონპროექტზე უცხოეთის აგენტების შესახებ. "ხელისუფლება შეეცადა მიეღო კანონი ‘უცხოეთის აგენტების’ შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრიდა გამოხატვის თავისუფლებას. კვლავაც რჩებოდა პასუხისმგებლობის დეფიციტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დარღვევებისთვის, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლების შეზღუდვას და მედიაზე თავდასხმას, ისევე, როგორც შრომის უსამართლო პირობებს. ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში არ შევიდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების (ლგბტ) უფლებები“, - წერია ანგარიშში.
ასევე ნახეთ: საერთაშორისო ორგანიზაციები: "ხელისუფლება უცხოეთის აგენტებზე კანონს იარაღად გამოიყენებს"უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ პოლიცია წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა „აგენტების შესახებ კანონის“ გასაპროტესტებლად შეკრებილთა მიმართ. სახალხო დამცველის ოფისის თანახმად, ეს ზომები იყო არაპროპორციული და არ იყო აუცილებელი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი სამართალდამცავების მოქმედებების გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შესახებ 124 საჩივარი მიიღო, ნათქვამია დოკუმენტში.
HRW-ის ანგარიშში ყურადღება ექცევა მთავრობის წარმომადგენელთა მტრულ რიტორიკას არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ შეშფოთება გამოხატა „უფლებადამცველთა საქმიანობისთვის ძირის გამოთხრისკენ მიმართული სისტემატური ძალისხმევის“ გამო, მათ შორისაა, მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებული ცილისწამების კამპანიები სოციალურ ქსელებში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სექტემბერში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სავარაუდო „შეთქმულების“ თაობაზე, რომელსაც აშშ-ის განვითარების სააგენტო, USAID აფინანსებდა და რომელიც მიზნად ისახავდა აქტივისტების გადაბირებას საზოგადოებაში არეულობის დასათესად და საქართველოს მთავრობის დამხობას.
„შეერთებული შტატების მთავრობამ კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები. ანგარიშის დაწერის მომენტისთვის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა ათობით აქტივისტი დაკითხეს, მათ ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე, რათა არ დაეშვათ ამ საქმის საჯაროდ განხილვა“, - წერს HRW.
ანგარიშის ავტორები ახსენებენ „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლას, რომლის ჩატარების ადგილი დაარბიეს მემარჯვენე რადიკალებმა. „ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ არავინ დაუკავებიათ თავდასხმასთან დაკავშირებით“, - შენიშნავს უფლებადამცველი ორგანიზაცია.
მარტში მიღებულ 2023-2030 წლების ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში არ არის ნახსენები ლგბტ ადამიანების უფლებები, განსხვავებით წინა პერიოდის დოკუმენტისგან. ქართული ჯგუფებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, მთავრობამ პირობა დადო, რომ დოკუმენტის ნაკლოვანებებს შეავსებს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან ტრანსგენდერებს არ მისცა საკუთარ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერული მარკერის შეცვლის უფლება სქესის შესაცვლელი სამედიცინო პროცედურების გაუვლელად.
გარდა ამისა, HRW მიუთითებს ევროპარლამენტის თებერვლის რეზოლუციაზე, რომელშიც „სერიოზული შეშფოთებაა“ გამოხატული პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ევროპარლამენტი გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ ის და მისცენ წვდომა „სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე“ უცხოეთში.