რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მოულოდნელი შეტევის პარალელურად, მოსკოვი საზღვრისპირა რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას აგრძელებს და საევაკუაციო არეალს ზრდის.
კრემლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება კურსკის რეგიონში, საიდანაც, ბოლო 6 დღეში, 76 000 ზე მეტი ადამიანი უკვე გაიყვანეს. პარალელურად, საევაკუაციო პროცესი იწყება ბელოვსკის რაიონშიც, სადაც, დაახლოებით, 14 000 ადამიანი ცხოვრობს.
„სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ვისაც შეუძლია გთხოვთ დამოუკიდებლად გამოცხადდეს საევაკუაციო პუნქტში სოფელ დოლგიე ბუდის ან ობოიანსკის რაიონის დასახლება ბუშმენიში. საევაკუაციო ავტობუსები ამ წერტილებში იქნება მობილიზებული. ვინც ჯერ კიდევ რჩებით ამ ტერიტორიაებზე, გთხოვთ, გთხოვთ დატოვეთ ტერიტორია“,- წერს „ტელეგრამ“ არხში ბელოვკის რაიონის ხელმძღვანელი ნიკოლაი ვოლუბუევი.
ასევე ნახეთ: უკრაინის შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე - მოსკოვი გაეროს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებსევაკუაციის პროცესი იწყება კრასნოიარუჟის ოლქშიც, განცხადება რამდენიმე საათის წინ დასავლეთ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა „ტელეგრამში“ გაავრცელა. მან მოსახლეობას მოუწოდა დატოვონ საცხოვრებელი სახლები და გადაინაცვლონ „უსაფრთხო ზონაში“. გლადკოვი აქვე წერს, რომ ევაკუაციის მიზეზი რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელთა სახმელეთო შეჭრაა.
უკვე მეექვსე დღეა უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვრისპირა კურსკის რეგიონში იმყოფებიან. მათ საზღვრიდან რეგიონის სირღმეში 20-30 კილომეტრით შეაღწიეს და რუსული ძალების წინააღმდეგ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს მართავენ. ეს ყველაზე დიდი შეჭრაა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების მიერ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში, 2022 წელს, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინული ძალები, ამ დროისთვის, კურსკის რეგიონში რამდენიმე რაიონს აკონტროლებენ. უკრაინულ „ტელეგრამ“ არხებში ვრცელდება კადრები, რომელიც უკრაინელი სამხედროების მიერ, რამდენიმე რაიონულ ცენტრზე და შენობაზე კონტროლის დამყარებას ასახავს.
ასევე ნახეთ: ზელენსკი „ომის აგრესორის ტერიტორიაზე გადატანაზე“ საუბრობსსოფელ გუევოში უკრაინელმა სამხედროებმა ადმინისტრაციული შენობებიდან რუსული დროშები ჩამოხსნეს და იქ უკრაინული დროშა ააფრიალეს.
ამ დროისთვის, აქტიური შეტაკებები რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის მიმდინარეობს სუჯაში, სადაც უკრაინელთა მოულოდნელ თავდასხმამდე 5 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.
უკრაინული ძალები თითქმის ერთი კვირაა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და პოზიციებს იმყარებენ, სამხედრო ანალიტიკოსები, მათ შორის რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ უკრაინა ნელ, თუმცა წინსვლას აჩვენებს. კრემლი ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინამ საზღვრიდან 30 კილომეტრში რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლო. ეს მაშინ, როცა რეგიონში რუსეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დამატებითი ძალები და შეიარაღება მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე უკრაინული დრონისა და საფრენი აპარატის ჩამოგდებაზე მიუთითებს, სამხედრო ანალიტიკოსები, მათ შორის რუსი ბლოგერები ამბობენ, რომ რეგიონში რუსული ძალების პოზიციები სუსტია.