რუსეთს არ აინტერესებს პოლონეთზე ან ლატვიაზე თავდასხმა - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი თავისი ინტერესებისთვის "ბოლომდე" იბრძოლებს, მაგრამ მოსკოვს არ აინტერესებს უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების გაფართოება რეგიონის სხვა ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი და ლატვია. თუმცა, დაახლოებით ორი წლის წინ, რუსეთი ასევე თვეების მანძილზე განუწყვეტლად იმეორებდა, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებდა.

ორსაათიანი ინტერვიუ სამშაბათს, 6 თებერვალს, მოსკოვში ჩაიწერა და 8 თებერვალს, საღამოს გამოქვეყნდა კარლსონის ვებგვერდზე: tuckercarlson.com. ეს იყო პირველი ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტთან მას შემდეგ, რაც რუსეთი ორი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. პუტინს ბოლოს ამერიკული მედიასაშუალებები 2021 წლის ოქტომბერში ესაუბრნენ, როდესაც მასთან ინტერვიუ ტელეარხმა CNBC-მ ჩაწერა.

პუტინმა ტელეკომპანია "ფოქსის" ყოფილ სახეს, კარლსონს უთხრა, რომ დასავლელი ლიდერები ახლა უკვე ხვდებიან, რომ რუსეთის სტრატეგიულად დამარცხება შეუძლებელი ამოცანაა და შექმნილ ვითარებაში გამოსავალს ეძებენ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის დასავლეთთან დიალოგისთვის მზად არის.

ინტერვიუში პუტინი რუსულად საუბრობდა და მისი პასუხები ინგლისურად იყო გახმოვანებული. საუბარი რუსეთის პრეზიდენტმა ვრცელი შენიშვნებით დაიწყო, სადაც განიხილა უკრაინასთან, პოლონეთთან და სხვა ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობა.

ასევე ნახეთ: ჟურნალისტები კარლსონს პუტინთან ინტერვიუს გამო აკრიტიკებენ

ჟურნალისტის კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა მას მოვლენების ისეთი განვითარება, როცა მოსკოვი რუსეთის ჯარს ნატოს წევრ პოლონეთში გააგზავნის, პუტინმა უპასუხა: "მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუკი პოლონეთი თავს დაესხმება რუსეთს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ინტერესი პოლონეთის, ლატვიის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ. რატომ? უბრალოდ არ გვაინტერესებს".

შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ ამერიკას ახლა აქტუალური საშინაო პრობლემები აქვს და მას წესით, რუსეთთან მოლაპარაკება უნდა ერჩივნოს. "არ ჯობია რუსეთთან მოლაპარაკება, არგუმენტაციის წარმოდგენა და შეთანხმება? უკვე ვატყობ მოვლენების დღევანდელ განვითარებას და იმის გაცნობიერებას, რომ რუსეთი ბოლომდე იბრძვის საკუთარი ინტერესებისთვის", - განაცხადა პუტინმა.

ვაშინგტონმა უკრაინას 113 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუგზავნა, 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ მეზობელ სუვერენულ ქვეყანაში შეჭრის და იქ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. აშკარაა, რომ თეთრი სახლი არ არის დაინტერესებული მოსკოვთან მოლაპარაკებით და პუტინის პირობების განხილვით.

კარლსონის ინტერვიუ ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ამერიკელი კანონმდებლები მსჯელობენ უკრაინისთვის მეტი თანხის გამოყოფაზე და ახალი მასშტაბური დახმარების გაგზავნაზე. ხანგრძლივი საკანონმდებლო ბატალიების შემდეგ, უკრაინის მხარდაჭერის პაკეტმა დემოკრატებით დომინირებულ სენატში პირველი ეტაპი გაიარა, მაგრამ მოელიან, რომ მისი დამტკიცება რესპუბლიკური უმრავლესობის მქონე წარმომადგენელთა პალატაში გაცილებით პრობლემური იქნება.

რუსეთში ჟურნალისტების ნაწილი შიშობს, რომ ინტერვიუს კრემლი სავარაუდოდ, პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს. მარტის შუა რიცხვებში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება და პუტინს გამარჯვება გარანტირებული აქვს. ის კარლსონთან ინტერვიუს სავარაუდოდ იმ მოსაზრებით დათანხმდა, რომ ეს მის საარჩევნო კამპანიას დაეხმარება,- ამბობს რუსეთის საგამოძიებო გამოცემის "პროექტ მედია" მთავარი რედაქტორის მოადგილე მიხეილ რუბინი:

"კარლსონს უნდა ესმოდეს, რომ ის საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილია და სამწუხაროდ, ამით ის [პუტინს] დაეხმარება", - უთხრა რუბინმა "ამერიკის ხმას". მისი აზრით, კარლსონის ინტერვიუ კრემლს უფრო დადებით შუქში წარმოაჩენს. "ყველაზე მნიშვნელოვანია აჩვენონ, რომ პუტინი რუსეთში მყოფ ამერიკელ ჟურნალისტთანაც გახსნილია, რადგან რუსეთი ღია და თავისუფალი ქვეყანაა".

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის დახმარების პაკეტი- რა ბედი ელის კანონპროექტს ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში