ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი რუსული კანონი დისიდენტების და ოპოზიციის კიდევ უფრო შევიწროებას ითვალისწინებს


ახალი კანონპროექტი რუსეთის ხელისუფლებას უფლებას მისცემს, ჩამოართვას ფული, ძვირფასი ნივთები და სხვა აქტივები იმ ადამიანებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან „ექსტრემისტული ქმედებების“ წაქეზებისა და მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ქვეყნის სამხედრო ძალების დისკრედიტაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ხელყოფის მიზნით.

გასულ კვირას პარლამენტის ქვედა პალატის მიერ სწრაფად დამტკიცების შემდეგ, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ ოთხშაბათს ერთხმად მხარი დაუჭირა კანონპროექტს. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კანონპროექტს, სავარაუდოდ, ამ კვირას მოაწერს ხელს.

ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ ეს ღონისძიება გააძლიერებს სასჯელებს "მოღალატეებისთვის, რომლებიც ტალახს სცხებენ ჩვენს ქვეყანასა და ჯარს" და "აშორებენ ამ ნაძირლებს საპატიო ტიტულებს, ჩამოართმევენ მათ ქონებას, ფულს და სხვა ძვირფას ნივთებს".

მან ასევე თქვა, რომ მათ, ვინც მოსკოვს აკრიტიკებს,„სამშობლოს უღალატეს“.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიღებულმა კანონმა, რომელიც მიზნად ისახავდა განსხვავებული აზრის ჩახშობას და პუტინის კრიტიკოსების გაჩუმებას, რუსი სამხედროების დისკრედიტაცია სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია. ამან გამოიწვია ის, რომ ბევრ რუსს, მათ შორის, ზოგიერთ აქტივისტსა და ბლოგერს, ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა.

XS
SM
MD
LG