რუსეთი აცხადებს, რომ ოთხშაბათს მისი ორმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა - Tu-95MC - ამერიკის შტატ ალასკის სიახლოვეს გადაიფრინა, თუმცა ისინი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დარჩა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Tu-95-ები, რომლებსაც ნატო "დათვების" სახელით მოიხსენიებს, კონკრეტული ტერიტორიის თავზე 9 საათის განმავლობაში დაფრინავდნენ, და მათ ესკორტს SU-30SM ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უწევდა.
"ეს ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით", - თქვა გენერალ ლეიტენანტმა სერგეი კობალაშმა, რუსეთის შორი მოქმედების ავიაციის მეთაურმა.
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცის თავდაცვის სამეთაურო ცენტრი (NORAD) აცხადებს, რომ მან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში დააფიქსირა.
"რუსეთის თვითმფრინავები დარჩა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და არ შესულა ამერიკულ ან კანადურ სუვერენულ ავიასივრცეში", - ამბობს ამერიკის საჰააერო თავდაცვის უწყება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2007 წელს სტრატეგიული ბომბდამშენების რუსეთის საზღვრებს მიღმა პატრულირების საბჭოთა ტრადიცია აღადგინა. ოთხძრავიან Tu-95-ს, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი პროპელერებით, ამერიკული B-52 სტრატეგიული ბომბდამშენის მსგავსი დანიშნულება აქვს და საბჭოთა კავშირში 1956 წლიდან 500 ერთეული დამზადდა.