„როგორ მოვიტეხოთ ხელი სახლში“ - რუსულ "გუგლში" ყველაზე ხშირად მოძებნილი კითხვა

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში მოსახლეობის ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა უკრაინაში საბრძოლველად, რუსეთის ტერიტორიაზე საძიებო სისტემა "გუგლში" ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოძიებული ფრაზა გახდა „როგორ მოვიტეხოთ ხელი სახლში“.

ასევე ნახეთ: ზელენსკი უკრაინელ მებრძოლებს „სუპერგმირებს“ უწოდებს

ინტერნეტ სივრცეში ამ ფრაზის ხშირი მოძიების შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ზოგიერთმა რუსმა შესაძლოა უკიდურესი ზომები მიიღოს იმისთვის, რომ უკრაინაში ომში წასვლისგან თავი დაიზღვიოს. სხეულის დაზიანება, მოტეხილობა ან სხვა სახის ფიზიკური შეზღუდვა ადამიანის სამხედრო სამსასურიდან, სულ მცირე, დროებით გათავისუფლებას უზრუნველყოფს.

მობილიზაციის გამოცხადებისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ გაწვევა მხოლოდ რეზერვისტებზე გავრცელდება და რომ ბრძანება ძალაში იმავე დღეს, 21 სექტემბერს შევიდოდა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განმარტა, რომ "ნაწილობრივი მობილიზაცია" 300 000 რუს მამაკაცს შეეხება, რომელთაც "სამხედრო გამოცდილება“ უკვე აქვთ. მიუხედავად ამ განცხადებისა, 18-60 წლამდე მამაკაცებს, თავდაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე, რუსეთის ტერიტორიის დატოვება აეკრძალათ.