პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განსხვავებული ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ შეერთებულ შტატებს დანარჩენ მსოფლიოსთან როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ძირითადად, ეს გამოიხატება ტრამპის დოქტრინაში “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” და ბაიდენის მხრიდან - მეტი საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერაში.
აქ არის რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართ, კანდიდატების განსხვავებულ მიდგომას ასახავს.
ნატო
2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ალიანსი სწრაფად გახდა ტრამპის სამიზნე. ის სხვა წევრებისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდას მოითხოვდა. ზოგიერთმა წევრმა, 2014 წელს ნატოს მიერ დადგენილ ხარჯების ზომას უპასუხა, მაგრამ ბევრმა ეს არ გააკეთა და ამ წლის დასაწყისში, ტრამპმა გერმანიიდან 12 ათასი ჯარისკაცი გამოიყვანა და იმავდროულად გერმანიას შეერთებული შტატების გამოყენება დააბრალა.
ასევე ნახეთ: ჰოჯესი: ამერიკის ჯარის ნაწილის გერმანიიდან გამოყვანა "კოლოსალური შეცდომა" იქნება
რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მან 2019 წლის ივნისში გამართული დებატების დროს, ნატოს “შეერთებული შტატების ისტორიაში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსი” უწოდა და გაფრთხილება გამოთქვა, რომ ტრამპის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, “ის ჩამოიშლება”. ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ასეთი საერთაშორისო პარტნიორობებისთვის პრიორიტეტის მინიჭება სურს.
რუსეთი
ბაიდენმა პირობა დადო, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამერიკის არჩევნებში ჩარევის და სხვა ქმედებებისთვის დაუპირისპირდება.
ტრამპმა უარყო ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების შეფასება, რომლის თანახმადაც რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩაერია და უპირატესობას მის გამარჯვებას ანიჭებდა. მისი იმპიჩმენტის მცდელობის გამომწვევ საკითხებს კი “სიცრუე” და “კუდიანებზე ნადირობა” უწოდა. თავისი ადმინისტრაციის ძლიერების დამამტკიცებელ საბუთად, მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიყვანა.
ასევე ნახეთ: რუსეთი და ირანი ამერიკის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ
ჩინეთი
ჩინეთის მიმართ ტრამპის პოლიტიკა მისი პრეზიდენტობის პერიოდში ცვლილებას განიცდიდა. მას შემდეგ, რაც მისი ადმინისტრაციის პირველი თვეების განმავლობაში, უმაღლესი დონის შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტს უმასპინძლა, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა, მზარდ ტარიფებიან სავაჭრო ომამდე გაუარესდა, სანამ იანვარში, სავაჭრო შეთანხმების პირველ ფაზას მიაღწევდნენ. 2020 წლის პანდემიის ზრდასთან ერთად კი, ტრამპმა კორონავირუსის პანდემიაში ჩინეთი დაადანაშაულა და იმავდროულად ჩინეთში ბაზირებული პოპულარული პროგრამების, “ტიკ-ტოკის” და “ვი-ჩეთის” აკრძალვას ითხოვდა.
ბაიდენი ჩინეთში ადამიანის უფლებების და ჰონგ-კონგში ვითარების საკითხზე უფრო მტკიცე პოზიციისკენ მოუწოდებს. მას არსებული სავაჭრო პრაქტიკის გამო, ჩინეთზე წნეხის შენარჩუნება სურს.
არჩევნებში ბაიდენის პარტნიორმა, სენატორმა კამალა ჰარისმა მაიკ პენსთან დებატების დროს თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ “სავაჭრო ომი წააგო”.
ირანი
ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ხუთ სხვა ქვეყანასთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელსაც სანქციების შერბილების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამა უნდა შეეზღუდა. ტრამპი იმ შეთანხმებიდან გამოვიდა, მას “ოდესმე დადებული ყველაზე უარესი შეთანხმება” უწოდა და დაუწესა ახალი სანქციები, რომლითაც ირანის ეკონომიკას ავნო და მას ბირთვული საქმიანობის გაზრდისკენ უბიძგა.
ასევე ნახეთ: გაერო ირანის წინააღმდეგ სანქციების დაბრუნებას არ განიხილავს
ბაიდენი ამბობს, რომ ირანის მიერ პირობების შესრულების ფონზე, შეთანხმებას დაუბრუნდება.
ისრაელი
ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიღწევის დიდი ხნის ისტორიის ძალისხმევაში, ორივე კანდიდატი ორი სახელმწიფოს პრინციპს უჭერს მხარს.
ტრამპი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს აქტიური მხარდამჭერი იყო და ისრაელში შეერთებული შტატების საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა.
ბაიდენმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკა, მაგრამ მის შეცვლას არ გეგმავს. მას წინადადება შეაქვს, აშშ-ს საკონსულო გაიხსნას აღმოსავლეთ იერუსალიმში, რათა პალესტინელებთან ურთიერთობა გაღრმავდეს.
ასევე ნახეთ: "აბრაამის შეთანხმება" - ტრამპმა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას უმასპინძლა
დემოკრატების კანდიდატმა აღიარა ბოლო კვირებში ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობის როლი, რომელმაც ისრაელს ბაჰრეინთან და გაერთიანებულ არაბულ საემიროებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შეთანხმებების საშუალება მისცა, მაგრამ ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის ინტერესების პრიორიტეტების დასახვის მიღმა, ტრამპს “თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური გეგმა” ჯერ კიდევ არ აქვს.
ავღანეთი
ტრამპის ადმინისტრაციამ თალიბანთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს 2021 წელს დატოვებენ. ოქტომბერში კი “ტვიტერზე” გამოაქვეყნა, რომ ჯარის გამოყვანის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის სურს.
ბაიდენმა უფრო ფრთხილი მიდგომა გამოხატა, რომელიც ადგილზე შექმნილ ვითარებაზეა დაფუძნებული.
ჩრდილოეთ კორეა
კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ძალისხმევის ფარგლებში, ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მოლაპარაკებების ორი რაუნდი ჰქონდა და მესამედ მას ორი კორეის გამყოფ საზღვარზე შეხვდა. მოლაპარაკებებს არანაირი ვალდებულებები არ მოჰყოლია, მაგრამ 2017 წლის შემდეგ ფხენიანს ატომური იარაღი ან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები არ გამოუცდია. ტრამპი ამბობს, რომ მან და კიმმა “ძალიან კარგი ურთიერთობა” განავითარეს და მისმა ადმინისტრაციამ უმაღლეს დონეზე სხვა შეხვედრის იმედი გამოთქვა.
ბაიდენის პოზიცია ისეთია, რომ წინაპირობების გარეშე, კიმს არ შეხვდება. ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია იქნება, გამოიყენოს სანქციების წნეხი, რათა კიმს მოლაპარაკებებზე წამოსვლა აიძულოს.
აფრიკა
ბაიდენი სთავაზობს, გაუქმდეს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვები, რომელიც ტრამპმა თანამდებობის დაკავების დასაწყისშივე დააწესა, მათ შორის ის აკრძალვები, რომელმაც რამდენიმე მეტწილად მუსლიმებით დასახლებულ ქვეყანაზე მძიმედ იმოქმედა. მათ შორის ნიგერიაზე, სუდანზე და სომალიზე. ტრამპმა ეს აკრძალვები გაამართლა, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიება.
აფრიკულ ქვეყნებთან მიმართებაში თავის სტრატეგიის ნაწილად, ორივე კანდიდატს აქვს გეგმა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და იმუშაოს კონტინენტის ახალგაზრდა ლიდერებთან და დიასპორის წევრებთან.
ცენტრალური ამერიკა
ტრამპის ადმინისტრაციამ 2019 წელს გააფორმა შეთანხმებები გვატემალასთან, ელ სალვადორთან და ჰონდურასთან, რომ სამხრეთ ამერიკელი მიგრანტები თავშესაფარს პირველად ამ ქვეყნებში მოითხოვენ. თუ ისინი მექსიკა-ამერიკის საზღვარზე ამის გაკეთების გარეშე მივლენ, მათ უკან გააბრუნებენ. მისმა მრჩეველმა სტივენ მილერმა თქვა, რომ სხვა ქვეყნებთან მსგავსი შეთანხმებების დადება, ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის მიზანი იქნება.
ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპის, როგორც თვითონ უწოდა “დრაკონული საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც ცდილობს ჩვენი თავშესაფრის და ლტოლვილთა შესახებ კანონები შეცვალოს. ის ამბობს, რომ რეგიონს გარკვეულ დახმარებას განუახლებს, რათა წნეხი განახორციელოს მთავრობებზე, რომ მათ ჩრდილოეთისკენ მიმავალი მიგრანტების რაოდენობა შეზღუდონ.
ტრამპის ადმინისტრაციის დროს, შეერთებულ შტატებში მთელი მსოფლიოდან დაშვებულ ლტოლვილთა რიცხვი 85 ათასიდან - რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ბოლო წელს იყო - წელს 15 ათასამდე დაეცა. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბოლო შეზღუდვა ამერიკელების უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის დაწესდა, განსაკუთრებით - მიმდინარე კოვიდ-19 პანდემიის ფონზე.”
ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამ მიმართულებას მკვეთრად შეატრიალებს და ლიმიტს 125 ათასამდე გაზრდის.
მრავალმხრივი ძალისხმევები
ტრამპის მიერ ამერიკული ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებამ, რამდენიმე საერთაშორისო ძალისხმევიდან ჩამოშორება გამოიწვია, მათ შორის იყო კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლა, კორონავირუსის არასათანადო მართვის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეკვეცა და ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებიდან გამოსვლა.
ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის დროს მხარს უჭერდა პარიზის შეთანხმებასაც და ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობასაც. ის არჩევის შემთხვევაში, ამ შეთანხმებებში ამერიკის დაბრუნებას და ამასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების აღდგენასაც შეეცდება.