იემენელი ჰუთი მებრძოლები აცხადებენ, რომ მათ საუდის არაბეთის სამხრეთ ქალაქ ნაჯრანში მდებარე იარაღის საცავზე მიიტანეს იერიში.
საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედი კოალიცია კი, რომელიც ჰუთ ამბოხებულებს ებრძვის იემენში, აცხადებს, რომ თავდასხმის ფარგლებში ჰუთებმა დრონებიდან ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩამოყარეს და მათი სამიზნე სამოქალაქო პირების მიერ გამოყენებული დაწესებულებები იყო.
საუდის არაბეთის მიერ გავრცელებულ ცნობებში არაფერია ნათქვამი მსხვერპლის შესახებ. ორშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად კი ამბობდნენ, რომ ჰუთმა მებრძოლებმა იემენიდან ორი რაკეტა ისროლეს, ერთი ქალაქ ტაიფის მიმართულებით, მეორე კი ქალაქ - ჯიდაჰის. თუმცა, ჰუთები ამ თავდასხმას უარყოფენ.
ჰუთი მებრძოლები იემენის დედაქალაქს 2014 წლის ბოლოდან აკონტროლებენ. საუდის არაბეთი ქვეყნის გაქცეული ხელისუფლების დასახმარებლად მოქმედ კოალიციას ლიდერობს და 2015 წლიდან არაერთი საჰაერო თავდასხმა და სხვა სამხედრო ქმედება განახორციელა ჰუთების წინააღმდეგ. კონფლიქტის შედეგად ათეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო დამძიმდა და არაერთი ადამიანი კვლავ საკვებისა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებისა თუ პროდუქტის გარეშეა.