ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის ტახტის მემკვიდრეს თეთრ სახლში მიიღებენ


ტრამპის ადმინისტრაცია საუდის ტახტის მემკვიდრეს წითელ ხალიჩაზე მიიღებს. მოჰამედ ბინ სალმანი ვაშინგტონს გუშინ ეწვია. ის პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება. ვიზიტი რიადსა და თეირანს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაიმართება. მოჰამედ ბინ სალმანი პრეზიდენტ ტრამპს საუდის არაბეთის მისეულ ახალ ხედვას გააცნობს.

რიადს რეგიონალური ლიდერობისთვის თეირანთან პაექრობაში მხარს ამერიკის ადმინისტრაცია უჭერს. საუდის არაბეთი ცდილობს ვაშინგტონის მხარდაჭერა სწორად გამოიყენოს. მოჰამედ ბინ სალმანმა CBS-სთან ინტერვიუში ირანის უზენაესი ლიდერი ჰიტლერს შეადარა და აღნიშნა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შემთხვევაში, ამ ნაბიჯს საუდის არაბეთიც გადადგამს. ამერიკის და საუდის არაბეთის ლიდერების შეხვედრა კიდევ ერთხელ აქცევს ყურადღების ცენტრში ირანის ბირთვულ შეთანხმებას, რომლის გაუქმების ან შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი 12 მაისამდე მიიღებს.

„ირანის შეთანხმებასთან დაკავშირებით [საუდის არაბეთი] გარკვეულ უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა თუ შეთანხმება ირანს ბირთვულ იარაღზე უარს ათქმევინებს, მაშინ ისინი მას მხარს დაუჭერენ. სამწუხაროდ ეს ჯერ სათუო საკითხია“, - ამბობს ფაჰედ ნაზერი „არაბული ნიუსის“ მიმომხილველი.

საუდის ტახტის მემკვიდრე ქვეყანაში სოციალურ რეფორმებს ატარებს. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქალებისთვის ჰიჯაბის (თავსაბურავის) და აბაიას (გრძელი მოსასხამი) ტარება აუცილებელი არ არის თუ მათ მოკრძალებულად აცვიათ. ასევე, მან ქალებს მანქანის მართვის და სპორტულ ღონისძიებებზე ოჯახთან ერთად დასწრების უფლება მისცა. სალმანის გადაწყვეტილებები, ულტრაკონსერვატიული საუდის არაბეთისთვის რადიკალურია.

გარდა სოციალური რეფორმებისა, მას ქვეყნის ეკონომიკური განახლების ამბიციც აქვს. თუმცა მისი მიზანი მოიზიდოს საგარეო ინვესტიციები გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ამის მიზეზი, ნოემბერში ბინ სალმანის მიერ 200 თანამდებობის პირის და ბიზნესმენის დაკავებაა. მისი განცხადებით, ეს ანტი-კორუფციული რეფორმების ნაწილი იყო, თუმცა ოპონენტები ამბობენ, რომ ის კონკურენტების თავიდან მოშორებას ცდილობს.

„მათ ინვესტორების მოზიდვა სურთ, თუმცა თუ თქვენ ინვესტორი ხართ, რატომ ჩადებთ ინვესტიციას საუდის არაბეთში, სადაც ის დაცული არ იქნება და სადაც სახელმწიფომ შეიძლება თქვენი ფინანსური ქონების კონფისკაცია მოახდინოს“, - ამბობს ანდრეასა კრიგი, ლონდონის კინგს კოლეჯიდან.

საუდის ტახტის მემკვიდრეს იემენში სამხედრო კამპანიის გამოც აკრიტიკებენ, სადაც ამერიკის მიერ მხარდაჭერილი საუდის შეიარაღებული ძალები ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუტის ამბოხებულებს ებრძვიან. კონფლიქტმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG