აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტში $1 მილიარდი უკრაინას დაუმტკიცა

ხუთშაბათს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა. ეს ზედიზედ მეორე წელია, რაც დემოკრატები და რესპუბლიკელები ხმას აძლევენ პენტაგონისთვის განსაზღვრულ გაცილებით დიდი მოცულობის ბიუჯეტს, რომელიც წელს $37 მილიარდით მეტია, ვიდრე ის, რაც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ქვეყნის თავდაცვის ხარჯებისთვის მოითხოვა.

ასევე ნახეთ: საქართველოს მთავრობამ თავდაცვის ძალების რაოდენობა განსაზღვრა

$839 მილიარდის ოდენობის ბიუჯეტს, რომელიც გასული წლის დანახარჯებს $30 მილიარდით აღემატება, ხმა 329 კონგრესმენმა მისცა. წარმომადგენელთა პალატის 101 წევრი კი მის წინააღმდეგ წავიდა. ორპარტიულ გადაწყვეტილებას 180 დემოკრატი და 149 რესპუბლიკელი მიემხრო.

თავდაცვის ავტორიზაციის აქტში $1 მილიარდი უკრაინის შეიარაღებისთვისაა განსაზღვრული. რუსეთი მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმას აგრძელებს და ახლა აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში წინაურდება.

შეერთებული შტატების სენატს თავდაცვის ბიუჯეტის საკუთარი კანონპროექტი აქვს, რომელზე კენჭისყრაც ჯერ არ შემდგარა. სენატში ფიქრობენ, რომ კენჭისყრა სექტემბერში გაიმართება. ორივე პალატა სესიის დამთავრებამდე ერთ ტექსტზე უნდა შეთანხმდეს, რის შემდეგაც კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება.