პეკინის საწინააღმდეგო ძალადობრივი პროტესტების ჩახშობის მიზნით, რომელმაც ივნისის შემდეგ ფინანსური საკვანძო ცენტრი შეაზანზარა, ჰონგ კონგი განიხილავს საგანგებო ზომების მიღებას, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სახის ნიღბების აკრძალვას. საკუთარი ვინაობის დასამალად, ბევრი დემონსტრანტი ნიღაბს იყენებდა. შესაძლოა ნიღბის აკრძალვა იმ საგანგებო კანონის ნაწილი გახდეს, რომელშიც კომენდანტის საათი და სხვა ზომები შევა.
როგორც ჩანს, საგანგებო კანონი პრო-დემოკრატიულ დემონსტრანტებსა და ჰონგ კონგის უსაფრთხოების ძალებს შორის, სამშაბათს მომხდარი ძალადობრივი შეტაკების პასუხია. ამ შეტაკებამ დაჩრდილა პეკინის მიერ გულდასმით მომზადებული ზეიმი, რომლითაც ჩინეთში კომუნისტური პარტიის მმართველობის 70 წელი აღინიშნა.
პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ქოლგებიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, ისინი კი პოლიციას ბენზინის ბომბებს ესროდნენ და ქალაქის მთავარ ნაწილში რამდენიმე ცეცხლი გააჩაღეს.
სამშაბათის არეულობის დროს, 18 წლის სტუდენტს ახლო მანძილიდან მკერდის მიდამოში იმ დროს ესროლეს, როდესაც პოლიციელისთვის ლითონის ჯოხი უნდა დაერტყა. დემონსტრაციების დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჰონგ კონგის პოლიციამ საბრძოლო ვაზნები გამოიყენა.
პოლიცია აცხადებს, რომ სროლა გამართლებული იყო, რადგან პოლიციელმა თავისი სიცოცხლისთვის საფრთხე დაინახა. სტუდენტი ამჟამად ჰონგ კონგის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ხუთშაბათს მას ბრალი არეულობაში მონაწილეობისთვის წაუყენეს, რაც მაქსიმუმ 10 წლიან ციხეს ითვალისწინებს.