ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. სამთავრობო შენობებთან დაბანაკებული ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წიწაკის აეროზოლები გამოიყენა.
მოიტინგეები იმ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც სასამართლო პროცესამდე მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილების ჩინეთში ექსტრადირება მოხდება. ამას მოქალაქეები დაუშვებლად მიიჩნევენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებისას დაშავებული, სულ მცირე, 72 ადამიანი მიხვდა საავადმყოფოში.
დემონსტრაციების გამო საკანონმდებლო უწყება იძულებული გახდა გადაედო ოთხშაბათს დაგეგმილი სესია. ამ სესიაზე კანონმპროექტი უნდა განეხილათ. საკანონმდებლო საბჭო აცხადებს, რომ ახალი დრო განხილვისთვის ჯერ არ დათქმულა. დემონსტრანტების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან, რომ როგორც კი კანონპროექტის ხელახალი განხილვა დაიწყება, კვლავ ორგანიზებულად გამოვიდნენ ქუჩაში.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ იმედოვნებს, ჩინეთი და ჰონგ-კონგი ყველაფერს მოაგვარებენ. მისი თქმით, ეს უდიდესი პროტესტი იყო და იმედი აქვს, რომ ისინი შეძლებენ ჩინეთთან ყველაფრის შეთანხმებას, მოგვარებას.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მორგან ორტაგუსმაც მოუწოდა ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან.
"ვფიქრობთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჰონგ-კონგის მთავრობამ პატივი სცეს ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, მათი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას", - დასძინმა მან ოთხშაბათს გაკეთებული განცხადებისას.
Facebook Forum