პეკინის ცენტრში, ტიანანმენის მოედანზე მომხდარი ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. დღემდე ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა, როცა ჩინეთის მთავრობამ შეიარაღებულ ძალებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩახშობა დაავალა. ვარაუდობენ, რომ 1989 წლის 4 ივნისს განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციას თუ ათასობით არა, ასობით დემოკრატიული მოძრაობის მომხრე მაინც შეეწირა.
დღეს პეკინში, ტიანანმენის მოედნის პერიმეტრზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. თუმცა, ეს თემა ჩინეთის რეპრესიულ რეჟიმს კვლავ ტაბუირებული აქვს. ტიანანმენის მოვლენებზე ღიად არსად მსჯელობენ, აკადემიურ წრეებშიც კი.
ჩინეთის მთავრობა მომხდარს დღემდე ამართლებს. კვირას, სინგაპურში, საერთაშორისო აუდიტორიასთან შეხვედრის დროს, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა უეი ფენგმა განაცხადა, რომ 30 წლის წინ მომხდარი სისხლიანი მოვლენები, როცა ჩინელ სტუდენტთა და მშრომელთა მასობრივი საპროტესტო აქციის ძალადობრივი დარბევა მოხდა, ხელისუფლების მხრიდან "სწორი" და "გამართლებული" ნაბიჯი იყო. თავდაცვის მინისტრის თქმით, ხელისუფლება იძულებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური რყევები აღეკვეთა.
Facebook Forum