აუნთებს მწვანე შუქს ჰოლივუდი საქართველოს?

კინოს გადასაღები ადგილის საძებნად გარდაბანში

ფოტოაპარატით შეიარაღებულმა, ჰოლივუდის ერთ-ერთმა საუკეთესო ლოკაციის პროდიუსერმა შანი ორონამ - LMGI-ის (Location Managers Guild International) მთავარი პრიზის მფლობელმა ფილმისთვის „სიკარიო“, უცნობი გადასაღები ადგილების ძიებაში საქართველოში 7 დღე გაატარა.

აქ, მან და სხვა ჰოლივუდელმა პროდიუსერებმა სრულიად განსხვავებული კინოლოკაციები ნახეს: განდეგილი კაცხის სვეტი, რუსთავის მეტალურგიულის გავარვარებული მარტენის ღუმელი, მყინვარწვერი ყაზბეგიდან, გარდაბნის „მეცხრე ბლოკი“, ალაზნის ველი, ენგურის 271 მეტრიანი დამბა..

სვანური კოშკები, თემქის ელმავალმშენებელი, კლდეში ნაკვეთი დავით გარეჯი და უფლისციხე, წყალტუბოს საბჭოთა არქიტექტურა და КГБ-ს სანატორიუმი, საბაგიროებისა და მაღაროების ქალაქი ჭიათურა, ძველი და ახალი ბათუმი და თბილისი.

შანი ორონა (შუაში) КГБ-ს სანატორიუმში, წყალტუბოში

ერთი კვირის მანძილზე Marvel Studios-ს, Legendary Entertainment-ის, Thunder Road Pictures-ის, Motion Picture Industry-ისა და სხვა კინომწარმოებლების წარმომადგენლებმა, თითქმის მთელი საქართველო მოიარეს და ახლა მათ რეკომენდაციაზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა ჰოლივუდი ფილმების გადაღებას საქართველოში. შანი ორონა ამბობს, რომ ეს ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდა

"საქართველოში ყველაფერი ვიპოვეთ"
შანი ორონა, Motion Picture Industry

„ჩვენ დავათვალიერეთ ისეთი ლოკაციები, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ვეძებთ ხედებს და პეიზაჟებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებს შეიძლება ჰგავდეს. საქართველოში ჩამოსვლა ნამდვილად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან აქ ყველაფერი ვიპოვეთ.“

საქართველოს მთავრობამ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ იანვარში ჩაუშვა. პროგრამის მიზანია - ქვეყანა მსოფლიოში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად გადაიქცეს. რას სთავაზობს თბილისი მსოფლიო კინოინდუსტრიას?

ეს არის უსაფრთხო გარემო, 22 კლიმატური ზონა და მრავალფეროვანი ლანდშაფტები, რომლებიც საშუალებას იძლევა, მოკლე დროში, უდაბნოს, ზღვისპირეთის, მთებისა და ტყეების ლოკაციებზე ერთდროულად იმუშაო.

თემქის ელმავალმშენებელში

უნიკალური და ეკლექტური არქიტექტურა, შუა საუკუნეებიდან დაწყებული, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდით დასრულებული. გამართული ინფრასტრუქტურა: ინტერნეტი, აეროპორტები, პორტები და რკინიგზა ქვეყნის მასშტაბით და ასწლოვანი ისტორიის მქონე ქართული კინოსკოლის გამოცდილება და კადრები.

პლუს ამას, მთავრობის ნოვაცია - ე.წ „cash rebate“, რომელიც კინომწარმოებელს აქ გაწეული „კვალიფიციური ხარჯების“ 25%-ის დაბრუნების საშუალებას აძლევს.

ეს წამახალისებელი შეთავაზება, რომლითაც საქართველო აპირებს კონკურენცია გაუწიოს კინოლოკაციის აღიარებულ ლიდერებს: უნგრეთს, ირლანდიას, კანადას, შრი ლანკას, ახალ ზელანდიასა და ჩეხეთს, ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, Dinsey-სა და Entertainment Partners-თან გამოცდილების გაზიარებით შეიმუშავა.

სანამ, ამერიკული ჰოლივუდი ეძებს და ფიქრობს, ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში ფილმს უკვე იღებს ინდური ბოლივუდი. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კინოინდუსტრია მსოფლიოში, რომლის დასაინტერესებლად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს.

ინდური ფილმის გადასაღები მოედანი რუსთავში

რომანტიკული თრილერის Machine-ის გადაღებები, ჩვენი ქვეყნის რამდენიმე კუთხეში 65 დღის მანძილზე გაგრძელდება. კინომხატვარი ნიკა კობალავა, რომელიც ინდურ ფილმზე მომუშავე გადამღები ჯგუფის წევრია „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

„თუ ეს პროგრამა რეალურად ამუშავდა, დიდი ფილმები ქვეყანაში დიდ ფულსაც დატოვებს და ჩვენც დასაქმებული ვიქნებით"
ნიკა კობალავა, კინომხატვარი

„თუ ეს პროგრამა რეალურად ამუშავდა, ეს დიდი პროექტები, ფილმები ქვეყანაში დიდ ფულსაც დატოვებს და ჩვენც დასაქმებული ვიქნებით. ამ ინდურ ფილმზე მუშაობენ ქართველი კინოოპერატორები, გამნათებლები, მხატვრის ასისტენტები, დეკორატორები, რეკვიზიტორები ...და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ელემენტარულად, შემოსავლის წყაროა, პლუს ამას პროფესიული ზრდისა და მომავალი ერთობლივი თანამშრომლობისთვისაც ძალიან კარგია.“

ბოლო სამი წლის მანძილზე, ინდურმა ბოლივუდმა საქართველოში უკვე სამი ფილმი, ორი მუსიკალური და ხუთი სარეკლამო კლიპი გადაიღო.

ლოკაციის პროდიუსერებმა გადასაღებ ადგილად საქართველო ასევე ურჩიეს - ფრანგ რეჟისორს მიშელ ჰაზანავიჩუსს - ფილმისთვის „ძებნა“ და ავსტრალიელ რეჟისორს არიელ კლეიმანს ფილმისთვის „პარტიზანი“, რომელშიც ფრანგმა კინოვარსკვლავმა ვენსან კასელმა ითამაშა. ორივე რეჟისორმა აქ რამდენიმე სცენა გადაიღო.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ ამ პროექტების შედეგად, საქართველოს ბიუჯეტში 7 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, 1000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე კი დასაქმდა.

მასშტატები, დასაქმების პროცენტი და საბოლოო შემოსავალი რამდენჯერმე მეტი იქნება, თუ ჰოლივუდმა საქართველოში კინოწარმოებას მწვანე შუქი აუნთო, ერთი ამერიკული ფილმის ბიუჯეტი, საშუალოდ, 30 მილიონიდან - 300 მილიონ დოლარამდე მერყეობს.