ქართველი რეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე-კეისი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს მისი ბოლო ფილმის "ქართული პურის" დასრულების მიზნით შემოწირულობის კამპანიას მართავს, რომ ფილმზე პოსტ-პროდაქშენ პროცესი დასრულდეს. მისი სურვილია ფილმი ამერიკულ კინოფესტივალებზე გავიდეს, რომ ქართული კულტურა და ისტორია უცხოელებმა უკეთ გაიცნონ. ფილმში მთავარ როლს კახი კავსაძე ასრულებს.
"ჯორჯ ფრომ ჯორჯია" - ქართველ პურის მცხობელ იმიგრანტ მამაკაცებს დღეს ბრუკლინში ბევრგან შეხვდებით. თუმცა სამი წლის წინ, როდესაც ქეთი ორჯონიკიძე-კეისმა ფილმის გადაღება გადაწყვიტა, მაშინ ქართულ პურზე დიდი მოთხოვნილებაც არ იყო. სცენარიც ასეთი აქვს ფილმს: ქართული საცხობი, რომელსაც ამერიკელი მეპატრონე ჰყავს. ამ როლს მაიკლ ვილოტრიკო, პროფესიონალი ამერიკელი მსახიობი ასრულებს, მისი ქართველი მეუღლე კი მუსიკოსი თინათინ ჯაფარიძეა და იმიგრანტი ქართველი მცხობელი ჯორჯი, რომელმაც ინგლისური ენა არ იცის, მაგრამ ბედნიერია იმით, რომ მაინც ქართულ გარემოში მუშაობს.
ამერიკელი მეპატრონისთვის ქართული პური წამგებიანი ბიზნესი გამოდგა და ის გადაწყვიტავს ქართული საცხობი დაკეტოს და უფრო მომგებიანი, სუშის რესტორანი გახსნას. ფილმის მთავარი გზავნილიც აქაა, როდესაც რესტორნის დაკეტვის და სამსახურის დაკარგვის შიშით შეცბუნებული ჯორჯი-კახი კავსაძე-სუშისგან ქართული პურის დაცვას იწყებს.
6000 წლის წინათ, ქართველები პურს აცხობდნენ, 6000 წლის წინათ...კახი კავსაძე
ქეთი ორჯონიკიძე-კეისი: აი, ამას რომელი ამერიკელიც მოისმენს, ყველა მეუბნება, რომ ქრისტე 2000 წლის წინ ცხოვრობდა და შენ რომ ამბობ, 6000 ათასი წლის წინ აცხობდი პურს, ასეთ ხაზს რომ ავითარებ, ჩვენ მეტი არაფერი არ გვინდა. ჩვენ გვინდა მივიდეთ კომპიუტერთან გავხსნათ საქართველოს შესახებ ინფორმაცია. უკვე ვიცით რომ დიდი ისტორიის და ტრადიციების ქვეყანაა და გვინდა კიდევ რაც შეიძლება მეტი გავიგოთ მის შესახებ.
კახი კავსაძე ფილმის რეჟისორს ქეთი ორჯონიკიძე-ქეისს საერთოდ არ იცნობდა, როდესაც როლზე თანხმობა განუცხადა. ცუცა კაპანაძე "ქართულ პურში" არ თამაშობს, თუმცა რეჟისორის და კახი კავსაძის ასისტენტის ფუნქცია შეასრულა.
ცუცა კაპანაძე: ბატონ კახის ისე ძალიან უყვარს ფილმში გადაღება, რომ რა ასაკში უნდა იყოს, რა დღეში, ალბათ ძალიან ცუდადაც რომ იყოს მკვდრეთით აღსდგება და მაინც ითამაშებს ფილმში, და მართლა ასეც გააკეთა. საოცარი ადამიანია და უდიდესი შრომა ჩადო ამ ფილმში. ახლაც კი ქეთის შეხვდა თბილისში და ჰკითხა კიდევ ხომ არ იღებ ფილმს, დამაკავეო. შეუძლია ჰონორარი, ყველაფერი გადადოს მთავარია ითამაშოს და კიდევ ერთხელ გაახაროს ქართველი მაყურებელი. ეს არის უდიდესი პროფესიონალიზმი რაც ბატონ კახის გააჩნია.
ქეთი ახალ ფილმს ჯერ ვერ იღებს, ჯერ "ქართული პურია" დასამთავრებელი. გადაღებები სამი წლის წინ დასრულდა. შემოქმედებითმა ჯგუფმა ჰონორარის გარეშე იმუშავა. ფილმის დასრულებას ხელს უშლის ხარჯი, რომელიც ტექნიკური პროცესებისთვის არის საჭირო. ფინანსების მოზიდვის მიზნით ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა შემოწირულობის კამპანია დაიწყო. ის ვინც დღეს ნიუ-იორკში ქართულ პურს აცხობს, და ასეთი საცხობი უკვე უამრავია , ფილმის ბედით სამწუხაროდ არ დაინტერესებულა. "ქართული პური" ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის საკურსო ნაშრომია, რომელიც სითი-უნივერსიტეტში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლის დროს სცენარის სახით ამერიკელ პროფესორებს გააცნო.
ქეთი ორჯონიკიძე: ჩემმა ყოფილმა პროფესორმა მთხოვა გადამეღო როგორც საკურსო ნაწარმოები. მან დაინახა ამ ფილმში ძალიან დიდი ღირებულება. ადამიანი, რომელიც სხვა მიწაზე ყველანაირად ცდილობს დაიცვას თავისი ტრადიციები და თავისი ისტორია. ეს ძალიან,ძალიან უმაღლეს ღირებულებად შეაფასეს.
ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის მეორე ფილმმა "ნანა", რომელიც ასევე ქართველი იმიგრანტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს აჩვენეს ბერლინალეზე, სადაც კინო-კრიტიკოსებისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მიიღო. ხოლო გასულ წელს კანადაში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე 300 საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოარჩიეს და პრიზით დააჯილდოვეს. ამერიკელი რეჟისორები და პედაგოგები ფიქრობენ, რომ ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის მეორე ფილმი "ქართული პური" არანაკლებ წარმატებებს მიაღწევს. ამიტომ რეჟისორის სურვილია რაც შეიძლება მალე დაასრულოს ფილმზე მუშაობა, რათა "ქართული პური" კინოფესტივალებზე გაიტანოს.