73 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბი ჩამოაგდო. ქალაქის მერმა დღეს გამართული ღონისძიებისას აღნიშნა, რომ ნაციონალიზმის მზარდი გლობალური ტენდენცია მთელ მსოფლიოში უქმნის მშვიდობას საფრთხეს.
ჰიროშიმას მშვიდობის მემორიალურ პარკში მერმა კაზუმი მაცუიმ თქვა, რომ ზოგიერთი ქვეყანა კვლავ „აღვივებს დაძაბულობას, რომელიც ცივი ომის მიწურულს შემსუბუქდა“. ქალაქის მერს კონკრეტულად არც ერთი ქვეყანა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები საკუთარი ბირთვული იარაღის მოდერნიზების პარალელურად სწორედ მკაფიოდ ნაციონალისტურ პოზიციებს გამოხატავენ.
ჰიროშიმას მერმა იაპონიის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ საკუთარ თავზე აიღოს ლიდერობა მსოფლიოში ბირთვული იარაღის შესამცირებლად გამიზნულ მოლაპარაკებებში.
1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებამ 170 000 ადამიანი იმსხვერპლა. ეს მსოფლიოში ატომური იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევა იყო. 3 დღის შემდეგ ამერიკამ ბომბი ქალაქ ნაგასაკიში ჩამოაგდო, რის შედეგადაც 70 000 ადამიანზე მეტი დაიღუპა.