ლიბანში არსებული დაჯგუფება "ჰეზბოლას" ლიდერები, პალესტინელთა გასამხედრო დაჯგუფება "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ, რათა განიხილონ, როგორ უნდა "მიაღწიონ რეალურ გამარჯვებას" ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ, "ჰეზბოლა" ავრცელებს.
7 ოქტომბერს "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის მიერ "ჰამასის" წინააღმდეგ ომის გამოცხადების შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილი, მძიმედ შეიარაღებული "ჰეზბოლა", ყოველდღიურად უხსნის ცეცხლს ისრაელის ძალებს ისრაელ-ლიბანის საზღვარზე. "ჰამასი" ამერიკას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
"ჰეზბოლას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ "ჰეზბოლას" წარმომადგენელი სეიედ ჰასან ნასრალა, "ჰამასის" ხელმძღვანელის მოადგილე სალეჰ ალ-არური და "ისლამური ჯიჰადის" ლიდერი ზიად ალ-ნახალა. თუმცა დაჯგუფებაში არ უთქვამთ, კონკრეტულად როდის შედგა შეხვედრა.
ასევე ნახეთ: ერდოღანი: "ჰამასი" არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ის არის განმათავისუფლებელი ჯგუფი“"შეფასდა საერთაშორისო პოზიციები და ის, თუ რა უნდა გააკეთონ წინააღმდეგობის ღერძის მხარეებმა ღაზასა და პალესტინის წინააღმდეგობის რეალური გამარჯვების მისაღწევად და სასტიკი აგრესიის შესაჩერებლად“, - ამბობენ "ჰეზბოლაში". მათივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ "კოორდინაციის გაგრძელება" მნიშვნელოვანია.
"ჰეზბოლამ" ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი კიდევ ორი მებრძოლი მოკლეს, რითიც დაღუპულთა რიცხვი, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, 40 მებრძოლამდე გაიზარდა.