შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა და წარმომადგენელთა პალატის რანგის მქონე დემოკრატმა წევრმა, სტივ კოენმა 29 ნოემბერს ქართველი ხალხის მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქართველებს, მათ ვინც "მთავრობის ძალადობრივი რეპრესიების პირისპირ", მაინც აგრძელებს მშვიდობიან საპროტესტო აქციას ქვეყნის "დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გადასარჩენად".
კონგრესმენები განცხადებაში ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ წინა დღით, 28 ნოემბერს, მომიტინგეების ქუჩებში გამოსვლა განაპირობა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, შეეწყვიტათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
ამ მშვიდობიან საპროტესტო აქციას მთავრობამ "უკიდურესი ძალადობა" დაუპირისპირა. "უმკაცრესად ვგმობთ ამგვარ რეაგირებას", - ნათქვამია "ჰელსინკის კომისიის" ლიდერთა განცხადებაში.
„არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ქვეყანაში გამართულ ოქტომბრის არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, [შედეგების] მანიპულაციას მიმართა და კვლავ უარი უთხრა ქართველი ხალხის ცალსახა მისწრაფებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ", - აცხადებენ კონგრესმენები უილსონი და კოენი.
მათი თქმით, ამ კვირის დასაწყისში "ქართულმა ოცნებამ" ახალი მთავრობა პრეზიდენტის თანხმობისა და ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე დანიშნა, რაც საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. "შესაბამისად, დეფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია", - აცხადებენ ამერიკელი კონგრესმენები.
ასევე ნახეთ: „ოცნება კოშმარად იქცა“ - კონგრესმენ კოენისა და ჰელსინკის კომისიის განცხადებებიუილსონი და კოენი ქართველ ხალხს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უდასტურებენ და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ:
„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდში და მოვუწოდებთ როგორც ახლანდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს, ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენის მიზნით მიმდინარე ბრძოლაში. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები მათ დასასჯელად, ვინც არღვევს ქართველთა მშვიდობიანი დემონსტრაციისა და საკუთარი ლიდერების არჩევის უფლებებს".
კონგრესმენმა უილსონმა ცალკე გაკეთებულ განცხადებაში საქართველოს დეფაქტო მთავრობას "რუსეთის არალეგიტიმური მარიონეტები" უწოდა. მორიგი განცხადება მან დღეს, 30 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა.
"ჩვენ უნდა დავსაჯოთ რუსეთის არალეგიტიმური მარიონეტები, რომლებიც ქართველ ხალხს ესხმიან თავს და მას უარს ეუბნებიან საკუთარ სუვერენიტეტზე. მათ შორის არიან ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები", - აცხადებს კონგრესმენი.
ამ განცხადებებს წინ უსწრებდა 29 ნოემბერს "ჰელსინკის კომისიის" კიდევ ერთი განცხადება, რომელიც საქართველოში გამართულ საპროტესტო გამოსვლას და პოლიციის მხრიდან მის ძალისმიერ დაშლას ეხმაურებოდა. შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატისა და ორივე პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია ამბობს, რომ ქართველ ხალხს არ სურს, “რუსეთის პროვინციად” იქცეს.
“ქართველი ხალხი გავიდა ქუჩებში მშვიდობიანი პროტესტისთვის, თავისი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ევროპული მომავლისთვის. და მას პასუხად ძალადობა და რეპრესია დაუპირისპირდა. ისინი უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გადაქცევაზე. დადექით ქართველი ხალხის გვერდით!” - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ცალკე განცხადებით გამოეხმაურა კონგრესმენი სტივ კოენიც. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა კანონმდებელმა 29 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ზე თქვა, რომ საქართველოში „ოცნება კოშმარად იქცა“.
"ჰელსინკის კომისია" დაკომპლექტებულია ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენებისგან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის, ხაზინისა და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან. მისი მისია მსოფლიოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის მოკვლევა და მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებაა.
Your browser doesn’t support HTML5
Your browser doesn’t support HTML5