ყველაფერი მზადაა იმ მომენტისთვის, რომელიც შესაძლოა, შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს და 5 ნოემბერს, ამერიკის შემდეგი პრეზიდენტის ბედი განსაზღვროს. ხვალ, 10 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, პირდაპირი ეთერით გადაიცემა საპრეზიდენტო დებატები დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ამერიკის 45-ე რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის.
საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან და ტელეფონითაც კი არასდროს უსაუბრიათ. სამშაბათს ისინი დებატების სცენაზე ერთმანეთთან საკმაოდ ახლო მანძილზე იდგებიან და ამერიკელი ამომრჩევლისთვის საკუთარი პოლიტიკის უპირატესობის დამტკიცებას შეეცდებიან.
დებატები პენსილვანიის ყველაზე დიდ ქალაქ ფილადელფიაში გაიმართება, კონსტიტუციის ეროვნულ ცენტრში. მისი ორგანიზატორია ტელეკომპანია "ეი-ბი-სი". დებატებს ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტები დევიდ მუირი და ლინსი დეივისი გაუძღვებიან.
ტრამპისა და ჰარისის დებატებისადმი შეერთებულ შტატებში მოლოდინი დიდია. ვარაუდობენ, რომ მას თვალს ათობით მილიონი ამერიკელი მიადევნებს. არ არის გამორიცხული, ეს იყოს ერთადერთი დებატები, რომელიც ამ ორ წამყვან კანდიდატს შორის გაიმართება. 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ 8 კვირა რჩება, თუმცა ნაადრევი ხმის მიცემის მსურველთათვის ფოსტით ბიულეტენების გაგზავნა უკვე დაიწყო.
Your browser doesn’t support HTML5
ამ ეტაპზე ორივე საარჩევნო კამპანია შეთანხმებულია იგივე წესებზე, რაც ტელეკომპანია "სი-ენ-ენს" (CNN) ჰქონდა დაწესებული ივნისში ჩატარებულ დებატებზე. მასში ტრამპთან ერთად, მაშინ ჯერ კიდევ დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობდა.
"სი-ენ-ენის" დებატებზე დარბაზში არ იყო აუდიტორია, მონაწილეთა მიკროფონებს რთავდნენ, როცა მათთვის სალაპარაკო დრო არ იყო გამოყოფილი. თითოეულ მოდებატეს ორი წუთი ჰქონდა მოდერატორის კითხვაზე საპასუხოდ და მეორეს - ერთი წუთი, პასუხზე რეაგირებისთვის. რეკლამებისთვის მხოლოდ ორი შესვენება იყო გამოყოფილი.
ვარაუდობენ, რომ კანდიდატებს დაუსვამენ კითხვებს იმიგრაციის პრობლემებზე, კერძოდ - მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, დამნაშავეობის პრობლემის მოგვარებაზე, აბორტის უფლებებზე, უკრაინის დახმარების საკითხებზე და სხვა.
ეროვნული მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ჰარისისა და ტრამპის რეიტინგები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა, რაც დებატებზე მათ გამოსვლას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კანდიდატებს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება ამერიკელთა ის ნაწილი, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცეს ხმა 5 ნოემბრის არჩევნებზე.
ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკითხვა, რომელიც კვირას, 8 სექტემბერს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ტრამპი ეროვნული მასშტაბით, ერთი პროცენტით უსწრებს ჰარისს (48-47%). ის "ნიუ-იორკ თაიმსმა" და სიენის კოლეჯმა ერთობლივად ჩაატარეს. რაც შეეხება კონკრეტულად გადამწყვეტ შტატებს, იმავე გამოკითხვის მიხედვით, სამში ჰარისი ლიდერობს, დანარჩენ ოთხში კი ისინი თანაბრად არიან.
ამ გამოკითხვიდან გამომდინარე, ჰარისისთვის დებატები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან გამოკითხულ ამერიკელთა 28% ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სურს, ჰარისზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. იგივე პასუხს ტრამპთან დაკავშირებით, მხოლოდ გამოკითხულთა 9% იძლევა.
გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი თეთრ სახლში კიდევ ერთხელ დაბრუნდება მას შემდეგ, რაც 2020 წელს მარათონი დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან წააგო. ჰარისის გამარჯვება კი შეერთებული შტატებისთვის ისტორიული იქნება, ვინაიდან ქვეყანას პირველად ეყოლება ქალი პრეზიდენტი, რომელიც ამასთან ინდოელი ამერიკელების და შავკანიანთა შთამომავალია.