უკომპრომისო რესპუბლიკელი ჯიმ ჯორდანი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობის მიღებას მეორედ ეცდება

კონსერვატორი კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი გეგმავს, ოთხშაბათს მეორედ სცადოს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობის მიღება. იმავდროულად, ზოგიერთი მისი კოლეგა რესპუბლიკელი სხვა ვარიანტების ძებნას იწყებს.

სპიკერის ვაკანტური ადგილის დასაკავებელ მეორე კენჭისყრამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. ჯორდანს თანამდებობის მისაღებად 217 ხმა სჭირდება.

პირველ კენჭისყრაზე, ჯორდანის წინააღმდეგ ხმა მისმა 20-მა თანაპარტიელმა და 212-მა დემოკრატმა მისცა. მისი ზოგიერთი რესპუბლიკელი კრიტიკოსი ამბობს, რომ შესაძლოა მეორე კენჭისყრაზე, ჯორდანის მოწინააღმდეგეებს ხუთიდან ათამდე რესპუბლიკელი დაემატოს.

ასევე ნახეთ: სკალისი პალატის სპიკერობისთვის აღარ იბრძოლებს

ორი ყოფილი რესპუბლიკელი სპიკერი, რომელიც შექმნილ ვითარებას აკვირდება, მოუწოდებს რომ - როგორც ერთ-ერთი ვარიანტი - სპიკერის მოვალეობის შემსრულებელ პატრიკ მაკ’ჰენრის პოზიცია გააძლიერონ, რათა პალატას სულ მცირე, წლის ბოლომდე უხელმძღვანელოს.

ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი ურჩევს ეს ნაბიჯი გადადგან „თუ პალატის რესპუბლიკელები შემდეგ რამდენიმე დღეში სპიკერის საკითხს ვერ გადაწყვეტენ“.

ყოფილმა სპიკერმა ჯონ ბეინერმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა: „მე ვეთანხმები“.

ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე ჯორდანი, სპიკერის თანამდებობისთვის ბრძოლაში შესაძლოა უფრო სერიოზულ წინააღმდეგობას გადააწყდეს, თუ მეორე კენჭისყრის დროს მის წინააღმდეგ მეტი რესპუბლიკელი მისცემს ხმას.

სულ ცოტა ერთმა რესპუბლიკელმა, დაგ ლამალფამ, რომელმაც სამშაბათს მის წინააღმდეგ მისცა ხმა, თქვა, რომ მეორე კენჭისყრაზე ხმას ჯორდანს მისცემს.