"ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ გაეროს მიერ მხარდაჭერილ სამშვიდობო გეგმას მიიღებს და მზადაა დეტალებზე მოსალაპარაკებლად. ინფორმაცია ამის შესახებ, პალესტინური სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა. მომხდარს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა "იმედის ნიშანი" უწოდა.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში ისრაელის ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ღაზის მომავალზე საუბარი სამშაბათს ნაშუადღევს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. „აუცილებელია, რომ გეგმები გვქონდეს",- ამბობს ბლინკენი.
ბლინკენი ისრაელის ოფიციალურ პირებს სამშაბათს შეხვდა, რათა "ჰამასის" წინააღმდეგ, ისრაელის რვათვიანი საჰაერო და სახმელეთო ომის დასრულების გზებზე ესაუბრა.
ბლინკენის გამგზავრებამდე, ისრაელმა და "ჰამასმა" გაამკაცრეს თავიანთი პირობები, რის გამოც, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გარშემო მიმდინარე წინა მოლაპარაკებები ფუჭად იქცა.
თუმცა, სამშაბათს, "ჰამასის" მაღალჩინოსანმა, სამი აბუ ზუჰირიმ, რომელიც ღაზის გარეთ იმყოფება, თქვა, რომ ისინი მზად არიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერონ, თუმცა ამავდროულად ამბობენ, რომ ამერიკამ უნდა უზრუნველყოს ისრაელის მიერ პირობების შესრულების გარანტირება.
მისი თქმით, "ჰამასმა" მიიღო ფორმულა, რომელიც ითვალისწინებს ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზიდან და ღაზაში მყოფი მძევლების გაცვლას ისრაელში, ციხეში მყოფი პალესტინელი ტყვეების სანაცვლოდ.
ასევე ნახეთ: ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, ცენტრისტი ბენი განცი გადადგა„ამერიკის ადმინისტრაცია რეალური გამოცდის წინაშე დგას, რათა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და აიძულოს ოკუპანტი დაუყონებლივ დაასრულოს ომი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელებით“,- განუცხადა აბუ ზუჰრიმ სააგენო "როიტერს".
ბლინკენმა თქვა, რომ "ჰამასის" განცხადება "იმედის ნიშანია", მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც საჭიროა "ჰამასის" ხელმძღვანელობის იმ ნაწილისგან, რომელიც ისრაელის მიერ ალყაში მოქცეულ ღაზაში იმალება. "ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია და ეს არის ის, რაც ჯერ არ გვაქვს",- ამბობს ბლინკენი.
ისრაელმა ომი "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაიწყო, როდესაც "ჰამასმა" 1,200 ისრაელელის სიცოცხლე იმსხვერპლა, 250 ადამიანი კი გაიტაცა. ისრაელის მიერ საპასუხოდ დაწყებულ ომში, ამ დროისთვის, ღაზის სექტორში 37,000-ზე მეტი პალესტინელია მოკლული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას, "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. შეერთებული შტატები "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს.