ორშაბათს „ჰამასმა“ განაცხადა, რომ დაპირების მიუხედავად, ისრაელმა ღაზის სექტორისთვის წყლის მიწოდება არ განაახლა. ისრაელის ოფიციალურმა პირმა კი ამაზე უპასუხა, რომ ანკლავის სამხრეთს წყლის გარკვეული მოცულობა მიეწოდება.
ისრაელმა ღაზის სექტორს წყლის მიწოდება შეუწყვიტა, როგორც იმ ბლოკადის ნაწილი, რომელიც „ჰამასის“ შეიარაღებული ჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ისრაელის სამხრეთის ქალაქებზე და სოფლებზე თავდასხმის საპასუხოდ დაუწესა. კვირას ისრაელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონთან შეთანხმების ფარგლებში, წყლის გარკვეული მოცულობის მიწოდებას აღადგენდა.
ასევე ნახეთ: ისრაელი ღაზის მოსახლეობას ევაკუაციისთვის დროს უხანგრძლივებსორშაბათს „ჰამასის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წყლის მიწოდება არ განახლებულა: „მცხოვრებლები არაჯანსაღ წყალს სვამენ, რომელიც ჯანმრთელობის სერიოზულ კრიზისს იწვევს და მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“.
ისრაელის ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანაშემწემ თქვა, რომ წყალი სამხრეთის ხან იონისის მახლობლად, ბნეი საჰილას თემს მიეწოდებოდა, თუმცა მიწოდებული წყლის მოცულობა არ დაუზუსტებია.
კვირას მინისტრის თანაშემწემ თქვა, რომ ღაზის სამხრეთში წყლის მიწოდება, პალესტინელ სამოქალაქო მოსახლეობას იმ ადგილზე შეკრებისკენ უბიძგებს, როდესაც ისრაელი „ჰამასის“ სამიზნეებს ჩრდილოეთში, ქალაქ ღაზაში ანადგურებს.
ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილის, მათ შორის ქალაქ ღაზის მოსახლეობას, სამხრეთისკენ წასვლისკენ მოუწოდა.