პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, საკუთარი სამშვიდობო ინიციატივა წამოაყენა. ის ცეცხლის შეწყვეტას ოთხთვიანი ვადით ითხოვს, რომლის განმავლობაშიც მისი თქმით, ისრაელიდან გატაცებული ყველა მძევალი გათავისუფლდება, ისრაელმა ღაზის სექტორიდან ჯარი უნდა გაიყვანოს და მხარეებმა ომის დასრულებაზე შეთანხმებას მიაღწიონ.
ისრაელის მე-13 არხი ერთ-ერთ ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ამბობს, რომ "ჰამასის" მიერ წამოყენებული ზოგიერთი მოთხოვნა ისრაელისთვის მიუღებელია. ამავე არხის თანახმად, ისრაელის ხელისუფლება მსჯელობს იმაზე, პირდაპირვე უარყოს "ჰამასის" წინადადება, თუ ალტერნატიული პირობები მოითხოვოს. ამასთან, ჟურნალისტთა წყაროების ცნობით, "ჰამასს" მეგობარი ქვეყნებისგან გარანტიები სურს, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მძევლების გათავისუფლებისთანავე არ ჩაიშალოს.
კონტრშეთავაზება "ჰამასმა" გასულ კვირას კატარისა და ეგვიპტის შუამავლების მიერ გაგზავნილი წინადადების პასუხად წამოაყენა, რომელსაც ისრაელი და შეერთებული შტატები ეთანხმებიან. ახლო აღმოსავლეთში, ისრაელ-"ჰამასის" ომში ეს ყველაზე მასშტაბური დიპლომატიური ძალისხმევაა, რომელიც ბრძოლების გაფართოების და ომში რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
ასევე ნახეთ: ღაზაში იმედი აქვთ, რომ ბლინკენი მათ მშვიდობას რაფაზე იერიშამდე მოუტანსისრაელის მე-13 არხი ავრცელებს ისრაელელი მაღალჩინოსნის კომენტარს, რომლის თანახმადაც, "ჰამასის" მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი მოთხოვნა მათთვის მიუღებელია. თუმცა, მედია არ აზუსტებს, თუ მოთხოვნების რა ნაწილზეა საუბარი. მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ არ გაიყვანს თავის ჯარს ღაზიდან მანამ, სანამ "ჰამასი" არ განადგურდება. მე-13 არხი ხაზს უსვამს ანონიმური ოფიციალური პირის ცნობას, რომელიც ამბობს, რომ ისრაელის ხელისუფლება განიხილავს, პირდაპირ უარყოს "ჰამასის" წინადადებები თუ მოითხოვოს ალტერნატიული პირობები.
წინა ღამით, ისრაელში ჩავიდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ის მანამდე შეხვდა და ესაუბრა კატარისა და ეგვიპტის ლიდერებს, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით, ცდილობენ მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულონ. ისრაელში ჩასვლისთანავე, სამშვიდობო ინიციატივის განსახილველად, ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
მოლაპარაკებების პროცესის დეტალების მცოდნე ერთ-ერთი წყარო საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" ეუბნება, რომ "ჰამასის" კონტრშეთავაზება თავიდანვე არ მოითხოვდა მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის გარანტიას და მის მიხედვით, ომის დასრულება ზავის დროს უნდა შეთანხმებულიყო, სანამ ბოლო მძევლები გაათავისუფლებდნენ. კიდევ ერთი წყარო კი აღნიშნავს, რომ "ჰამასს" ჯერ კიდევ სურს გარანტიები კატარისგან, ეგვიპტისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოებისგან, რომ ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდება და ზავი არ ჩაიშლება მაშინვე, როგორც კი ისრაელელი მძევლები გათავისუფლდებიან.
ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო, "ჰამასის" მებრძოლების მხრიდან, ისრაელის საზღვრისპირა დასახლებებზე თავდასხმის პასუხად. მოულოდნელი იერიშის დროს ისრაელის ოფიციალური წყაროებით, 1 200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, ხოლო 240 მოქალაქე მძევლად აიყვანეს. ვარაუდობენ, რომ "ჰამასის" ტყვეობაში, რომელიც ამერიკასა და დასავლეთის ბევრ ქვეყანას ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი, ჯერ კიდევ რჩება ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე.