პალესტინის თქმით, "ჰამასმა" დამატებით ტყვეები გაათავისუფლა

პალესტინელთა წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჰამასმა" დამატებით ისრაელელი ტყვეები გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჰამასმა" ტყვეები "წითელ ჯვარს" გადასცა.

ოფიციალურ პირებს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა, ისრაელის სამხედროებმა თქვეს, რომ დამატებით 12 ტყვე იქნა გათავისუფლებული. მათგან 10 ისრაელელია, 2 კი უცხოელი.

ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, რომელიც შუამავალია ისრაელსა და "ჰამასს" შორის, თქვა, რომ გათავისუფლებული ისრაელელი მძევლებიდან ცხრა ქალი და ერთი არასრულწლოვანია.

"პალესტინის პატიმართა კლუბის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპასუხოდ ისრაელმა სამშაბათს, 30 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს ისრაელის ციხეებიდან - 15 ქალი და 15 მამაკაცი.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ ჰამასის მიერ გასულ პარასკევს ზავის დაწყების შემდეგ გათავისუფლებული მძევლების საერთო რაოდენობა 81 იქნება. მათ შორის 60 ისრაელელი - ყველა ქალი და ბავშვი - და 21 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ეს ადამიანები დანარჩენებთან ერთად "ჰამასმა" 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანა მძევლად. თავდასხმისას 1,200 ადამიანი მოკლეს.

"ჰამასის" კონტროლირებადი, ღაზის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დრომდე, ისრაელის მიერ განხორციელებული სამხედრო თავდასხმების შედეგად, მოკლულია 15,000 პალესტინელი.