ხუან გუაიდო, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, რომელსაც ამერიკა და დასავლეთის ბევრი სახელმწიფო ქვეყნის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად თვლის, აცხადებს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მას პატიმრობა ელის. გუაიდო მხარდამჭერებს ამასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების მოწყობისკენ მოუწოდებს.
კვირას გუაიდომ ეკვადორის სანაპირო ქალაქი სალინასი დატოვა, მას შემდეგ, რაც ეკვადორის პრეზიდენტს ლენინ მორენოს შეხვდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იმყოფება ის დღეს. გუაიდოს პრესსპიკერის თქმით, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დედაქალაქ კარაკასში დაბრუნებას კარნავალის დაწყებისთვის გეგმავდა. კარაკასში კი კარნავალი დღეს იწყება.
განცხადება დღეს ჯონ ბოლტონმაც გააკეთა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მისი თქმით, გუაიდოსთვის საფრთხის შექმნის ნებისმიერ მუქარას "შეერთებული შტატების და საერთაშორისო საზოგადოებისგან ძლიერი და მნიშვნელოვანი საპასუხო რეაქცია მოჰყვება". გასულ კვირას გუაიდო შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა.
იანვრის ბოლოს, ხუან გუაიდომ, იმხანად ვენესუელის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის - თავმჯდომარემ, გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და არჩევნებზე მომხდარი გაყალბებების გამო, ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ძალაუფლება არალეგიტიმურად ცნო. შემდეგ მან თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს, როგორც ქვეყნის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტის ლეგიტიმურობა 50-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, რომელთა შორის საქართველოც არის.