ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ქვეყნები ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მოუწოდებენ


ბრიტანეთმა ესპანეთთან, საფრანგეთთან, შვედეთთან და დანიასთან ერთად, ორშაბათს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, ამ სამხრეთ ამერიკული ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა.

ევროპულ ქვეყნებს სურთ, რომ ვენესუელამ, რაც შეიძლება სწრაფად ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყანაში პოლიტიკური და ჰუმანიტარული კრიზისი დაასრულოს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ჯერემი ჰანტმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენს მიერ დათქმულ 8 დღის ვადაში არ დანიშნა, ამიტომ ახლა, სანამ დამაჯერებელი არჩევნები არ შედგება, გაერთიანებული სამეფო, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, გუაიდოს დროებით კონსტიტუციურ პრეზიდენტად აღიარებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჰუმანიტარული კრიზისის დასრულებასთან უფრო ახლო მიგვიყვანს.“

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა ორშაბათს, მადრიდში განაცხადა „...ჩვენ, ვენესუელაში სრული დემოკრატიის დასაბრუნებლად ვმუშაობთ...“

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრაიანმა ფრანგულ საერთაშორისო რადიოს უთხრა, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებით, ვენესუელის კრიზისი შესაძლოა „მშვიდობიანად“ დასრულდეს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგო ვოლსტრომმა შვედურ მაუწყებელ „ეს ვი ტი“-ს უთხრა, რომ მადურო თანამდებობაზე „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ შედეგად არ მოხვედრილა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსონმა „ტვიტერით“ გამოაქვეყნა: „დანია ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ @გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს, სანამ ახალი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება.“

რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა დმიტრი პესკოვმა ევროპელი ლიდერების მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა, როგორც „უზურპირებული ხელისუფლების ლეგიტიმაციის მცდელობა“ და „ვენესუელის საშინაო საქმეებში ჩარევა“.

მადურომ ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა: „ულტიმატუმს არავისგან მივიღებთ. ეს იმის მსგავსი იქნებოდა, ევროკავშირისთვის რომ მეთქვა: ‘კატალონიის რესპუბლიკის აღიარებისთვის შვიდ დღეს გაძლევთ და თუ ამას არ იზამთ, ჩვენ ზომებს მივმართავთ.’ საერთაშორისო პოლიტიკა ულტიმატუმებს ვერ დაეფუძნება. ის იმპერიების და კოლონიების ეპოქაში ხდებოდა.“

მან ასევე, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გუაიდოს მხარდაჭერისგან თავი შეკავებისკენ მოუწოდა და თქვა: „თქვენ შეცდომებს უშვებთ, რაც თქვენს ხელებს სისხლით დასვრის“.

XS
SM
MD
LG