სულ ცოტა 60 დაღუპული და 140 დაშავებული - ასეთია ათენის დასავლეთით მდებარე, საბერძნეთის საკურორტო დასახლებებში კვირის დასაწყისში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგი. “ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა უკვე 74-მდე გაიზარდა.
რეგიონულმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხანძართან ბრძოლაში საბერძნეთის არმიაც ჩაერთო. ათენმა საჰაერო დახმარება ევროპის კავშირს სთხოვა. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ხანძართან ბრძოლაში უკვე ჩართულია იტალია, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი. კვიპროსი ათენს მეხანძრეებს სთავაზობს, ესპანეთი კი სახანძრო თვითმფრინავებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ბოსნიაში ვიზიტი ნაადრევად შეწყვიტა და ათენში ორშაბათსვე დაბრუნდა. “ყველაფერს ვაკეთებთ, ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში, რათა ამ ხანძრებს გავუმკლავდეთ… გვაშფოთებს ის, რომ ხანძრები ერთდროულად ჩნდება” - თქვა პრემიერმა ციპრასმა.
პირველი ხანძარი ორშაბათს, პატარა ქალაქ კინეტასთან მდებარე ტყეში გაჩნდა, ათენის დასავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრში. სამშაბათს დილამდე, სულ რაღაც 24-საათიან ინტერვალში სხვადასხვა დასახლებაში 47 ახალი ხანძრის კერა გაჩნდა. აქედან ოთხის ჩაქრობა მალევე მოხერხდა - აცხადებს სტავროულა მალარი, საბერძნეთის ეროვნული სახანძრო სამსახურის პრესსპიკერი. მთავრობის ოფიციალურ წევრებს ეჭვი აქვთ, რომ რამდენიმე ხანძარი განზრახ შეიძლება ყოფილიყო მოწყობილი.
საბერძნეთში ეს დღეები 40 გრადუსამდე სიცხეა გამოცხადებული. ხანძრების გავრცელებას ძლიერი ქარებიც უწყობს ხელს, რომელთა სიჩქარე საათში 80 კილომეტრს აღემატება.
ქართული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საბერძნეთის კურორტებზე ქართველი ემიგრანტებიც იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ხანძარს ცოცხლები და უვნებლები გადაურჩნენ.