ბერლინი განიხილავს შორი რადიუსის რაკეტების კიევისთვის მიწოდებას

გერმანიის მთავრობა იარაღის მწარმოებელ MBDA-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, უკრაინისთვის „ტაურუსის“ საკრუიზო რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. ინფორმაცია ერთ-ერთმა ოფიციალურმა წყარომ ახალი ამბების სააგენტო „როიტერს“ აცნობა.

კიევი ბერლინს მისთვის ამ რაკეტების გადაცემას სთხოვდა, რომლის რადიუსიც 500 კმ-ზე მეტია და რომლის გაშვებაც ისეთი საბრძოლო თვითმფრინავებით ხდება, როგორიცაა Tornado, F-15 ან F-18. ბერლინი აქამდე შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებისგან თავს იკავებდა. ამის მიზეზი რუსეთის შიგნით სამიზნეების წინააღმდეგ, მათი პოტენციური გამოყენებაა.

გერმანიის მთავრობის სპიკერმა განუცხადა „როიტერს“, რომ ბერლინს ამ მიმართულებით პოზიცია არ შეუცვლია.

ასევე ნახეთ: გერმანიას ნატოში სიდიდით მეორე შვეულმფრენთა ფლოტი ექნება - საჰაერო ძალების მთავარსარდალი

"გერმანია ფოკუსირებულია [უკრაინისთვის] მძიმე არტილერიის, ჯავშანტექნიკის და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე. ახალი ინფორმაცია Taurus-ის ფრთოსან რაკეტაზე არ გვაქვს“, - განაცხადა მთავრობის სპიკერმა.

ფრთოსანი რაკეტების აღმოჩენა საჰაერო თავდაცვის რადარებით რთულია, რადგან ისინი დაბალ სიმაღლეზე გადაადგილდებიან. მისი ძირითადად დანიშნულება, მტრის ხაზების უკან მაღალი მნიშვნელობის სამიზნეების განადგურებაა, როგორიცაა სარდლობის ბუნკერები, საბრძოლო მასალების და საწვავის საწყობები, აეროდრომები და ხიდები.

ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას მიაწოდეს ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow და Scalp. უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ მათი გამოყენების მიზნით, საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების ადაპტირებას გეგმავს. თუმცა, შეერთებული შტატები ჯერჯერობით თავს იკავებს უკრაინაში ATACMS-ის გაგზავნისგან, მიუხედავად კიევის მოთხოვნისა.

ექსპერტების აზრით, ტექნიკურად ძალიან ადვილია საკრუიზო რაკეტის რადიუსის შეზღუდვა.

ასევე ნახეთ: გერმანია მზად არის, მისი „პატრიოტები“ პოლონეთში წლის ბოლომდე დატოვოს

გერმანიის მთავრობასა და MBDA-ს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებულია მსგავს მოდიფიკაციაზე, რადგან კანცლერ ოლაფ შოლცს სურს, ნებისმიერ ფასად აღკვეთოს უკრაინის თავდასხმა რუსეთის შიგნით ტერიტორიაზე, იტყობინება გერმანული გამოცემა „შპიგელი“.

ივნისში კრემლმა თქვა, რომ საფრანგეთის და გერმანიის მიერ კიევისთვის საკრუიზო რაკეტების მიწოდება გამოიწვევს „დაძაბულობის" შემდგომ რაუნდს.

რუსეთი იყენებს შორი მანძილის რაკეტებს უკრაინაში სამიზნეების გასანადგურებლად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ჩათვლით. უკრაინას კი მათზე რეაგირების საშუალება არ გააჩნია.

გერმანიის არმიას აქვს დაახლოებით 600 Taurus რაკეტა თავის შეიარაღებაში, მათ შორის 150 მზადაა გამოსაყენებლად. ესპანეთი და სამხრეთ კორეა ასევე იყენებენ Taurus-ს.