გერმანიის მთავრობის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს, გერმანიის კანცლერის უწყებამ, ბერლინში პალესტინური დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დაიბარა, რათა პროტესტი გამოეთქვა პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის გამონათქვამის გამო, რომელმაც ისრაელის ქმედებები ჰოლოკოსტს შეადარა.
ასევე ნახეთ: იერუსალიმსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლი არ წყდება„ჩვენთვის, მთავრობისთვის და კანცლერისთვის ნათელია, რომ 6 მილიონი ევროპელი ებრაელის დევნა და სისტემატიური მკვლელობა, ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი შეუდარებელი დანაშაულია“, განაცხადა პრეს-მდივანმა ბერლინში გამართულ რეგულარულ პრეს-კონფერენციაზე.
სამშაბათს, ბერლინში ვიზიტით მყოფმა აბასმა ისრაელს ბრალი „50 ჰოლოკოსტში“ დასდო, როდესაც მიუნხენის ოლიმპიადაზე პალესტინელი მებრძოლების მიერ ისრაელის გუნდზე თავდასხმის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით კითხვას პასუხი გასცა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა აბასის გამოთქმა მკაცრად დაგმეს.
აღშფოთების პასუხად, აბასმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნაცისტური გერმანიის ჰოლოკოსტს, რომელმაც 6 მილიონი ებრაელი იმსხვერპლა, „თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შემზარავი დანაშაული“ უწოდა.