ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი პალესტინელებს სჯის


ისრაელი გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებას პალესტინისთვის სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების თაობაზე დამსჯელი ნაბიჯებით პასუხობს

ისრაელის მინისტრთა კაბინეტი გაეროს გენერალურ ასამბლეას მკაცრად აკრიტიკებს პალესტინისთვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების გამო.

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ პალესტინელების მიერ ინიციატივის ცალმხრივად წარდგენა გენერალური ასამბლეისთივს სამშვიდობო შეთანხმების პირობებს არღვევს. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ისრაელი ასაბმლეის კენჭისყრის შედეგებს უარყოფს.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობა მხოლოდ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკების წარმოებით შეიძლება დამყარდეს.

უკმაყოფილების დემონსტრირების მიზნით, ისრაელმა პალესტინის ხელისუფლებისთვის მისაცემ 100 მილიონ დოლარს ყადაღა დაადო. მოგეხსენებათ, თელ ავივი პალესტინელების ნაცვლად აგროვებს გადასახადებს, ტარიფებსა და სხვადასხვა მოსაკრებლებს. 100 მილიონი სწორედ ამ მოსაკრებლებით შეგროვებული პალესტინელებისთვის კუთვნილი თანხაა.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში 3000 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებაზე.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს მშენებლობებს გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე საპასუხოდ. ის ამბობს, რომ პალესტინისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება „სიონიზმზე და ისრაელის სახელმწიფოზე“ პირდაპირი თავდასხვაა.

ისრაელმა მშენებლობების განახლების გადაწყვეტილება პარასკევს მიიღო, რასაც შეერთებული შტატების, ევროკავშირის, პალესტინელებისა და გაეროსგან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. გადაწყვეტილება სამშვიდობო მოლაპარაკების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასეს.

მიუხედავად ისრაელის მიერ განხორციელებული დამსჯელი ზომებისა, პალესტინელები გამარჯვებას ზეიმობენ.

პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს, როგორც ეროვნულ გმირს ისე დახვდნენ. ათასობით ადამიანი მას აეროპორტში მიეგება. აბასის განცხადებით, პალესტინელებს, როგორ იქნა, საკუთარი სახელმწიფო აქვთ.

„მსოფლიომ პალესტინის დამოუკიდებლობას მისცა ხმა და ისრაელის მიერ ჩვენი მიწების ოკუპაციას აღიარა,“ - განაცხადა აბასმა
XS
SM
MD
LG