გერმანიაში კოვიდ-19-ის შესაძლო მეორე ტალღა აშინებთ

გერმანიაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. რობერტ კოხის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ლოტარ ვიელერი ​ამბობს, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას დაუდევრობა იწვევს.

"გერმანიაში არსებული ვითარება ძალიან მაღელვებს. ზრდა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ჩვენ გავხდით დაუდევრები,"- ამბობს კოხის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და აქვე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ დაარღვიონ სოციალური დისტანცირებისთვის აუცილებელი წესები.

ახალი შემთხვევების 40 პროცენტზე მეტი, ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში ფიქსირდება.

გასული კვირიდან მოყოლებული გერმანიაში კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. 28 ივლისს გასულ დღესთან შედარებით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 633 შეადგინა. გერმანიაში ამ დროისთვის კოვიდ-19 206 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 9 000 აჭარბებს.

ასევე ნახეთ: კოვიდ-19-ის პანდემია "ერთი დიდი ტალღაა" და არა სეზონური - ჯანმო

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით ევროპაში გერმანია ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ქვეყანამ პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავება წარმატებით შეძლო.

კოხის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ შემთხვევების ზრდა გარკვეულწილად ზაფხულის სეზონთან და მოგზაურობის განახლებასთან არის დაკავშირებული.

"არ აქვს მნიშვნელობა შვებულებაში ხართ თუ სახლში, უნდა დაიცვათ სოციალური დისტანცირების წესები,"- ამბობს კოხის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი.

ასევე ნახეთ: ფხენიანმა პირველად აღიარა ქვეყანაში კოვიდ-19-ის არსებობა

დღესვე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ოფიციალური გერმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ესპანეთის სამ რეგიონში (არაგონი, კატალონია და ნავარა) მოგზაურობისგან თუ ამის გარდაუვალი აუცილებლობა არ დგას. მიზეზი, ესპანეთის ამ რეგიონებში, ახალი კორონავირუსით მზარდი ინფიცირების მაჩვენებელია.