ყოყმანი იყო თავდაპირველი პასუხი, გერმანიის მხრიდან უკრაინაში რუსეთის ხელმეორე შეჭრის შემდეგ.
ბერლინი არა მხოლოდ ფეხს ითრევდა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაში, არამედ გერმანიის მიერ წარმოებული იარაღის უკრაინისთვის გადაცემას სხვა ქვეყნებსაც კი უკრძალავდა. შარჟი გამოიწვია იანვარში ბერლინის ნაბიჯმა გადაეცა უკრაინისთვის 5000 ჩაფხუტი. რა არის ბერლინის ყოყმანის მიზეზი?
“გერმანელი პოლიტიკოსები ისტორიიდან შვებულებაში იყვნენ ათწლეულების განმავლობაში. არ უნდოდათ გადაწყვეტილებების მიღება. ფიქრობდნენ რომ მეზობლად მხოლოდ მეგობრები და მოკავშირეები ჰყავდათ და სურდათ გაეგრძელებინათ არაფრის კეთება რამდენ ხანსაც შეძლებენ”, - ამბობს იაშა მანკი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან.
ასევე ნახეთ: გერმანია შროდერისთვის ოფიციალური პრივილეგიების ჩამორთმევას გეგმავსრუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, გერმანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის - ნაბიჯი, რომლის გადადგმაზეც ის წლების განმავლობაში უარს ამბობდა, მიუხედავად შეერთებული შტატების აქტიური მოწოდებისა.
“მოკლე ხანში ძალიან ბევრი ტაბუ გადავლახეთ, როგორიც იყო კონფლიქტის ზონაში შეიარაღების გაგზავნა, თავდაცვის დანახარჯების გაზრდა, და რუსეთის, როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურ საფრთხედ აღიარება. გერმანიის შიგნით ახლა ნამდვილი რევოლუცია მიმდინარეობს... გარედან ეს ასე არ ჩანს, რადგან ჯერ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ სხვებს დავეწიოთ”, - აცხადებს ევროპის რეფორმების ცენტრის მკვლევარი სოფია ბეში “ამერიკის ხმასთან” საუბარში.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე 22 თებერვალს გერმანიამ, “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” შეჩერების გადაწვეტილება მიიღო. გაზსადენი წლების მანძილზე იყო ამერიკისა და სხვების კრიტიკის სამიზნე იმის გამო, რომ ის გერმანიის რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდიდა.
ასევე ნახეთ: ზელენსკი გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს ესაუბრაახლა გერმანიის პოლიტიკური ელიტა ამ ნაბიჯს შეცდომად მიიჩნევს. მათ შორის არის გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და მისი "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" სხვა წევრები. პარტია ტრადიციულად რუსეთთან პარტნიორობის მომხრე იყო.
თუმცა, მსგავსი შეცდომები, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სხვა ქვეყნებს დაუჯდათ ძვირი. ზელენსკიმ ბერლინი და პარიზი რუსეთთან შემრიგებლური პოლიტიკის გამო მწვავედ გააკრიტიკა. „ვეპატიჟები ქალბატონ მერკელს და ბატონ სარკოზის ბუჩაში, რომ ნახონ, თუ სად მიგვიყვანა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკამ“, - თქვა მან.
რთული პარტნიორობა
რთული პარტნიორობა - ასე შეიძლება შეფასდეს ბერლინსა და კიევს შორის ურთიერთობა ომის სამი თვის განმავლობაში უთანხმოებების გრძელი სიით. ურთიერთდაპირისპირება მოიცავდა ბერლინის მხრიდან უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემაზე უარს, რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის გაგრძელებას და დიპლომატიურ კინკლაობას მაღალი დონის ვიზიტებთან დაკავშირებით. “მხოლოდ ახლა ხვდებიან, თუ რამდენად დამოკიდებულია ქვეყანა გასული ათწლეულის გადაწყვეტილებების გამო რუსულ გაზზე” - ამბობს მანკი.
კანშოლცი აპრილის ბოლომდე ზეწოლის ქვეშ იყო, როგორც ქვეყნის შიგნით მისი კოალიციის პარტნიორების, მწვანეების და თავისუფალი დემოკრატების მხრიდან, ასევე დასავლელი პარტნიორებისგან, რომ უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კრიტიკულად საჭირო მძიმე შეიარაღება გადაეცა.
ამასთან, გერმანელთა 55 პროცენტი, კვლევებით, მხარს უჭერდა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას, და მათი უმეტესობა უარყოფითად აფასებდა კანცლერის პასუხს უკრაინაში ფართომასშტაბიან რუსულ აგრესიაზე. “მოქალაქეებმა უფრო კარგად გაიგეს, თუ რა იყო სასწორზე, გერმანელ პოლიტიკოსებთან შედარებით”, - განმარტავს მანკი.
ასევე ნახეთ: გერმანია უკრაინას ჰაუბიცებს გადასცემსკრიტიკაზე პასუხად, შოლცი სხვადასხვა განცხადებებს აკეთებდა, რომ გერმანიას არ ჰქონდა შესაბამისი შეიარაღება, რომ ეს ნატოს რეზერვებს ცარიელს დატოვებდა, რომ უკრაინელებმა არ იცოდნენ ამ იარაღის გამოყენება. კანცლერმა ისიც თქვა, რომ ეს მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევდა.
ზეწოლის შედეგად, შოლცმა სამი კვირის წინ გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ ბერლინი კიევს 50 ლეოპარდის ტიპის ანტი-სარაკეტო ტანკს და 7 ჰაუბიცას გადასცემს. გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთი, უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების სანაცვლოდ, გერმანიისგან ლეოპარდ 2-ის ტანკებს მიღებს. თუმცა შეიარაღება უკრაინაში მხოლოდ ივლისში ჩავა.
“ყოყმანის მიზეზი კონფლიქტის ესკალაციის შიში იყო... ვფიქრობ, პრობლემა იმაშია, რომ გერმანიის შიგნით არ მომხდარა გააზრება, რომ უკრაინა იცავს გერმანიის უსაფრთხოების ინტერესებს” - ამბობს სოფია ბეში.
ასევე ნახეთ: გერმანია აცხადებს, რომ რუსული ნავთობის იმპორტის შეწყეტა ზაფხულის ბოლოსთვის “რეალისტურია”უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე, პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი გერმანიის რუსეთთან ახლო ურთიერთობას ბიზნეს ინტერესებით და ისტორიული კავშირით ხსნიდა. “ერთის მხრივ, ეს იყო რუსეთთან კარგი გარიგებების მიღწევის შესაძლებლობა... და მეორე, სინანულით სავსე ისტორიული ნარატივის გამეორება, რომ გერმანია საბჭოთა კავშირში შეიჭრა, და რუსეთს ბევრი ტანჯვა მიაყენა”, - ამბობს იაშა მანკი.
წარსულის გადაფასებას ვერ გადაურჩა ვერც გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი, რომელსაც მმართველ კოალიციაში შემავალი მისივე პარტიის მხარდაჭერით, შესაძლოა კანცლერის პრივილეგიები ჩამოართვან. შროდერმა ჩრდილოეთის ნაკადის პროექტი კანცლერის პოსტის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე დაამტკიცა, და მოგვიანებით, რუსულ ენერგო-კომპანიებში სხვადასხვა თანამდებობები მიიღო.
“საოცარია, თუ რა მასშტაბებით იზიარებდა ზოგიერთი გერმანელი და ევროპელი პოლიტიკოსი სარეცელს რუსეთთან. ამას ნაწილობრივ ფინანსები განაპირობებდა. Არ ვიცი რამდენად საკმარისი იყო ფული, რომელიც შროდერმა მიიღო სულის გასაყიდად, თუმცა ალბათ საკმარისი იყო, რადგან ის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერად იქცა”, - ამბობს მანკი.
ასევე ნახეთ: არესტოვიჩი: დასავლეთი მიხვდა, რომ ძველი სამყარო აღარ არსებობსშროდერიზაცია - იქცა ტერმინად, რომელიც ევროპელი პოლიტიკოსების რუსეთთან სიახლოვეს და მოსკოვის სასარგებლოდ მათ მოქმედებას ასახავს. “აქ ასევე თამაშობს როლს იდეოლოგია. ნაწილობრივ, ეს ანტი-ამერიკულ განწყობებს უკავშირდება, და ასევე, ვლადიმირ პუტინის მსგავსი ძლიერი ლიდერის განდიდებას”, - უთხრა მანკმა “ამერიკის ხმას”.
შეცვლილი პოზიცია?
ამ ეტაპზე, გერმანიამ პოზიციები შეიცვალა. თუმცა, რამდენად გრძელვადიანი ეს ცვლილება?
“გერმანია ჯერ არ თვლის, რომ რუსეთი მის ინტერესებს ნამდვილად ეწინააღმდეგება. თუმცა, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს რეალური მორალური აღშფოთება მოჰყვა და იზრდება პოლიტიკურ კლასში იმის აღქმა, რომ უნდა დასრულდეს, ვითომც და არაფერი ურთიერთობის გაგრძელება. ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ვშიშობ, რომ რუსეთთან მორიგების და სტატუს კვოს შენარჩუნების მცდელობა გაგრძელდება და უფრო მეტი შანსია, ამ შეხედულებამ გაიმარჯვოს”, - ამბობს მანკი.
Მანკი იმედს იტოვებს, რომ მისი ვარაუდი არ გამართლდება და მას გააკვირვებენ. ამას იმედოვნებენ სხვებიც.
“ცვლილება, ვფიქრობ გრძელვადიანი იქნება. ხალხი მიხვდა, რომ ეს ის რუსეთი არაა, რომელიც მათ ეგონათ. [ცვლილება გაგრძელდება] მინიმუმ იქამდე, სანამ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაშია”, - იმედოვნებს სოფია ბეში.
ასევე ნახეთ: გერმანია უკრაინას 50 ტანკს გადასცემსბერლინის ყოყმანი გრძელდება, და არა მხოლოდ იარაღის საკითხზე. კიევმა ევროკავშირში განაცხადი შეიტანა, თუმცა როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადეა, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება არ მოხდება.
ამ ფონზე, გერმანიას, რომლის აღმოსავლეთი ნაწილიც, ხუთი ათწლეულის განმავლობაში, რკინის ფარდის მიღმა იყო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ რეიგანის სიტყვებით მოუწოდა არ დაუშვას ევროპის კონტინენტზე ახალი კედლის აგება. „თქვენ ისევ კედლის უკან ხართ, ეს არაა ბერლინის კედელი, ესაა კედელი ცენტრალურ ევროპაში, თავისუფლებასა და ტუსაღობას შორის, და ყოველი ბომბით უკრაინაზე, ეს კედელი ფართოვდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თუმცა, უკრაინისთვის დაპირებების გაცემისკენ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები ჯერ თავს იკავებენ.
ასევე ნახეთ: შოლცს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ხილვა სურსმიუხედავად იმისა, რომ გერმანია აცხადებს, რომ რუსეთი ომს ვერ მოიგებს, როგორც ბერლინში, ისე პარიზსა და რომში გაისმა ხმები, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული რუსეთის „დამცირება“ და გააქტიურდა საუბარი შეთანხმების მნიშვნელობაზე, ზოგიერთი მოსაზრებით, ეს მიუთითებს, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნები კიევზე ზეწოლას ახორციელებენ და მას დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებენ.
“იმედი მაქვს, ევროპელები აანალიზებენ, რომ ეს უკრაინელების გადასაწყვეტია და გარედან მათ ვერავინ მშვიდობის პირობებს ვერ უკარნახებს. თუმცა, იმედია ბერლინი ხვდება, რომ ომი ჯერ ისევ მიდის, და ამაზე საუბარი ჯერ ადრეა”, - ამბობს ბეში.
ამ ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს ხანგრძლივი ომისთვის ამზადებს.