ევროპაში უვიზოდ

28 მარტი, განმთენიისას, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი

საქართველოს მოქალაქეებისთვის ისტორიულ დღეს - 28 მარტს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დაწყებიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ავიარესი, ვარშავის ფრიდერიკ შოპენის სახელობის აეროპორტის მიმართულებით განხორციელდა.

თითქმის ოთხსაათიანი ფრენის შემდეგ, პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა, პოლონეთის დედაქალაქში პირველი ქართველი მგზავრები ჩაიყვანა. ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ, მხოლოდ საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის გამოყენებით შევიდნენ.

დღესვე, ამ რეისის შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნების მიმართულებით კიდევ რამდენიმე გაფრენა შესრულდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან, უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მგზავრები ბუდაპეშტის, სალონიკისა და ლარნაკას მიმართულებით გადაიყვანა.

28 მარტი, განმთენიისას, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი

ერთ-ერთმა პირველმა ისარგებლა უვიზო რეჟიმის ამოქმედებით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ. სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად, პრემიერი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები, მეცნიერებთან, მეწარმეებთან და სტუდენტებთან ერთად ჯერ ათენში, შემდეგ კი ბრიუსელში ჩაფრიდნენ.

საბერძნეთის სახელმწიფო საზღვრის უვიზოდ გადაკვეთის შემდეგ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კერძოდ ბრძანა

ჩვენ ვბრუნდებით ევროპულ ოჯახში. იაფი მოგზაურობა, კარგი სატრასპორტო კავშირები, დღეიდან კი უკვე უვიზო მიმოსვლა - ეს არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცემს საშუალებას რომ ევროპაში მოგზაურობა, ევროპელებთან მეგობრობა და ურთიერთობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გავხადოთ“
ალექსანდრე ჯეჯელავა, განათლების მინისტრი

„ჩვენ ვბრუნდებით ევროპულ ოჯახში. ეს დაბრუნება, როგორც ასოცირების, ისე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, არის მხოლოდ მომზადება იმისთვის, რომ რიგითმა ქართველმა - სტუდენტმა, ჟურნალისტმა, ბიზნესმენმა, უბრალო მოქალაქემ ევროპის სიახლოვე იგრძნოს.

იაფი მოგზაურობა, კარგი სატრასპორტო კავშირები, დღეიდან კი უკვე უვიზო მიმოსვლა - ეს არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცემს საშუალებას რომ ევროპაში მოგზაურობა, ევროპელებთან მეგობრობა და ურთიერთობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გავხადოთ.“

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას დაამთხვია ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ლატვიის პრეზიდენტმა. მწვანეთა პარტიის წევრი რაიმონდს ვეიონისი, რომელიც სეიმმა 2015 წელს აირჩია პრეზიდენტად, თბილისში მისი ქართველი კოლეგის - გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

ლატვია - ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად აქტიურად ლობირებდა საქართელოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას. 2017 წლის თებერვალში, ევროპარლამენტში ისტორიული კენჭისყრის დროს, რვავე პარლამენტარმა ლატვიიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. ისევე როგორც ევროპარლამენტარებმა ესტონეთიდან და ლიტვიდან.

ლატვიის პრეზიდენტმა თბილისში აღნიშნა, რომ „უვიზო მიმოსვლა საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვებს ევროპასთან“. საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება სპეციალური მიმართვით ასევე მიულოცა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ

დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველები იწყებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. ამიერიდან, ჩვენი სახელმწიფოები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. ეს ყოველივე ქართველი ხალხის ძალისხმევის შედეგია. ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით“
დალია გრიბაუსკაიტე, ლიტვის პრეზიდენტი

„დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველები იწყებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. ამიერიდან, ჩვენი სახელმწიფოები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. ეს ყოველივე ქართველი ხალხის ძალისხმევის შედეგია. თქვენი ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ, რეგიონისთვის სამაგალითოა. ლიტვა თქვენი ერთგული მეგობარია და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით“

2017 წლის 28 მარტამდე, საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს 73 ქვეყანაში შეეძლოთ უვიზოდ შესვლა, მათ შორის, ევროპის ქვეყანა მხოლოდ შვიდი იყო. დღეიდან კი ამ ჩამონათვალს - ევროკავშირის 22 წევრი, 4 - არაწევრი და შენგენის ზონის - 4 კანდიდატი სახელმწიფო დაემატა.

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლის უფლება აქვთ, ინტერნეტით ან საზღვარზევე შეუძლიათ ვიზის აღება

ევროპა - გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, ავსტრია, ისლანდია, დანია, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მალტა, საბერძნეთი, კვიპროსი, ხორვატია, ანდორა, ვატიკანი, სან-მარინო, უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა, კოსოვო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი

აზია - ირანი, ისრაელი, შრი-ლანკა, ინდონეზია, ქუვეითი, ყაზახეთი, უზბეკეთი, კამბოჯა, იორდანია, ყირგიზეთი, ლიბანი, მალაიზია, მალდივის კუნძული, მონღოლეთი, ნეპალი, ტაჯიკეთი, აღმოსავლეთ ტიმორი, ბანგლადეში, კაბო-ვერდე, ლაოსი, პალაუ, ინდოეთი, მიანმარი

აფრიკა - ეგვიპტე, კენია, მადაგასკარი, ბურუნდი, ჯიბუტი, გამბია, მავრიკი, მოზამბიკი, რუანდა, ტანზანია, ტოგო, უგანდა, კომორის კუნძულები, მალავი, სეიშელის კუნძულები, გვინეა-ბისაუ, ზამბია, მავრიტანია, გაბონი, ზიმბაბვე, სან-ტომე და პრინსიპი

სამხრეთ ამერიკა - ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი, კოლუმბია, ურუგვაი, ჩილე

ცენტრალური ამერიკა - იამაიკა, პანამა, ნიკარაგუა, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, დომინიკა, გრენადა, ჰაიტი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი

ოკეანეთი - კუკის კუნძულები, მიკრონეზია, სამოა, მარშალის კუნძულები, ტუვალუ