ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უვიზო რეჟიმი აფხაზებისა და ოსებისთვის


ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის ამოქმედებას საქართველოში მომავალი წლის პირველ კვარტალში ელიან. როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, ამის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, ეგრეთ წოდებული შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი მიღწეული და ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულია და ამ გადასახედიდან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ყველაზე მსხვილი ბენეფიტის მიღებას საქართველოსთვის წინ არაფერი უდგას.

ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის პერსპექტივა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება, მათ შორის, მათთვისაც, ვინც დღეისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს.

აფხაზეთსა და ოსეთში მყოფ მოქალაქეებს ამ სიკეთით სარგებლობისთვის მხოლოდ საქართველოს პასპორტის აღება დასჭირდებათ, გვეუბნებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პასპორტის აღება და მისით სარგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, არც თუ უსაფრთხო სიამოვნებაა.

იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, სადაც საქართველოს იურისდიქცია დღეს არ ვრცელდება, საქართველო, ეგრეთ წოდებულ, სტატუს ნეიტრალურ დოკუმენტს სთავაზობს, რომლითაც ასევე შესაძლებელია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოგზაურობა. სტატუს–ნეიტრალურ დოკუმენტზე არაა დატანილი არანაირი გამოსახულება, რაც მას საქართველოს მიერ გაცემულ საბუთად წარმოადგენდა. მისი იდენტიფიცირება მხოლოდ სპეციალური კოდის საშუალებით ხდება, თუმცა როგორც შერიგების სამინისტროში გვიხსნიან, სტატუს–ნეიტრალური დოკუმენტი ამ დროისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მიერ არაა აღიარებული, შესაბამისად, მის მფლობელს გარკვეული შეზღუდვები აქვს.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას თინა ღოღელიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს: „ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა საინტერესო იქნება აფხაზებისა და ოსებისთვისაც. საქართველოს მთავრობა მზადაა სრულად გაუზიაროს მათ ის სიკეთე, ის ბენეფიტები, რასაც ეს პროცესი მოუტანს მთლიანად ქვეყანას. მას შემდეგ, რაც პროცედურულად ამოიწურება ეს საკითხი, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე იმოგზაურონ და მოინახულონ ევროპის სახელმწიფოები, ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მიეცემათ აფხაზებსა და ოსებსაც იმ შემთხვევაში, თუ ექნებათ ქართული პასპორტი. იმ გარემოში, სადაც, ძირითადად, რუსული წყაროებიდან მიდის ინფორმაცია, რომელიც არაობიექტური და დამაშინებელი ხასიათს ატარებს, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ აფხაზები და ოსები ფლობენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა სიკეთეებს მოიტანს და რა დადებითი პერსპექტივებია დაკავშირებული ვიზალიბერალიზაციის პროცესი.“

"ამერიკის ხმა" ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელს ელიკო ბენდელიანსაც ესაუბრა, რომელიც ხშირადაა ფასილიტატორი და მონაწილე საზღვარგარეთ გამართული ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური გასაიდუმლოებული შეხვედრების. რამდენად აქვთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობის შესახებ და რა დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ამ მოცემულობის მიმართ, ელიკო ბენდელიანი ამბობს: „კონკრეტული საინფორმაციო კამპანია იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანებიევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით სარგებლობას, არ არის. იმის შესაძლებლობაც კი არ არის, რომ თუნდაც ჩვენ პირდაპირ მივაწოდოთ ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის თაობაზე. როგორ ხედავენ ამ შესაძლებლობებს თვითონ, ამის შესახებ საუბარი რთულია, რადგან თუ ვინმე ხედავს მართლაც პერსპექტივას, ეს, რა თქმა უნდა, არის გასაიდუმლოებული. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ ამის შესახებ მოსაზრებებს არ აფიქსირებენ, თუმცა მე მგონია, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში, ესაა გარკვეული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეს ადამიანები მოვიზიდოთ და შევქმნათ მათთვის მოტივაცია მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. რაც შეეხება დაინტერესებას მათი მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესით, ეს მხოლოდ პირად საუბრებში ფიქსირდება. ხშირად სვამენ კითხვებს იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე ვართ, რას ითვლისწინებს, რამდენად რეალურია? თუმცა ვერ გეტყვით, საკუთარ თავს რამდენად ხედავენ ამ პროცესში.“

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოსთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ინფორმირებაა იმის შესახებ, რომ მათაც, ისევე როგორც საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, ევროკავშირის ქვეყნებთან შეუზღუდავი გადაადგილების სიკეთით სარგებლობა შეეძლებათ.

XS
SM
MD
LG