ამერიკის ხმა: მოგესალმებით სტუდიაში, და გმადლობთ მობრძანებისთვის, რათა ვიზიტი ჩვენთან შეაჯამოთ.
ვაშინგტონში გლობალური კოალიციის სამიტზე ჩამოხვედით, რას გულისხმობს საქართველოს მონაწილეობა ანტი-ისლამური სახელმწიფოს კოალიციაში, და რა დონეზეა ეს აქტივობა დღეს?
მიხეილ ჯანელიძე: მადლობთ თქვენ, ჩემთვის პატივია თქვენთან ამ თემებზე საუბარი და ვიზიტის შეჯამება. ჩვენი მონაწილეობა ამ კოალიციაში, პირველ რიგში, ეს არის დადასტურება საქართველოს კონტრიბუციის გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისადმი. ჩვენ ჩართული ვართ კოალიციაში მისი შექმნის დღიდან-2014 წლიდან. იმისათვის, რომ ჩვენ კონტრიბუცია მოგვეხდინა კოალიციის საქმიანობაში გავატარეთ საკანონმდებლო რეფორმები ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ინსტიტუციური რეფორმები, რომლებმაც უზრუნველყო ჩვენი საზღვრების დაცულობა და მეტი უსაფრთხოება. ამით ჩვენ, რეგიონის უსაფრთხოების გაზრდას კიდევ უფრო შევუწყვეთ ხელი. ჩვენ ამით ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია იმ საერთაშორისო საზოგადოების, რომელიც ებრძვის ამ გლობალურ გამოწვევას-ტერორიზმს, და კონკრეტულად დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს”, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი კრიზისი და წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროსთვის ყველაზე დიდ გამოწვევას დღეს.
ამერიკის ხმა: საქართველოს ურთიერთობები აშშ-ის ადმინისტრაციასთან: როგორია ეს კავშირები დღეს, და როგორ/რამდენად მკაფიოდ უხსნის მას საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, არსებული პრობლემებიდან ყველაზე მთავარს-მიმდინარე ოკუპაციას საქართველოში?
მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ საბედნიეროდ ახლო კონტაქტები ჩამოგვიყალიბდა ახალ ადმინისტრაციასთან. მე ვიყავი ერთერთი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა სახელმწიფო მდივანს.
შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში, ასევე ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს 25წლიანი ურთიერთობების ისტორიაზე, იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ასევე იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების კუთხით და ეს რათქმა უნდა აშშ-ის დიდი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს აქვს ოკუპაციის სახით. სამწუხაროდ, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა საერთაშორისო მასშტაბით და არამხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებში-იქნება ეს გაერო თუ ეუთო, სადაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ასევე ის ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებებში, და ჩვენ ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის როლზე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზე, იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ძირითადი მიზნები-უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესაძლებლობის გაჩენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დგას ამ დისკუსიის და ჩვენი განხილვების დროს, და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ აშშ-ის მხარდაჭერა, რომ ისინი გააგრძელებენ საქართველოს გვერდით დგომას და ამ პრობლემების გამკლავებისას ჩვენს დახმარებას. ამასთან, მე მომეცა შესაძლებლობა, რომ მიმემართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისათვის ღია დებატების ფარგლებში, რომელიც ეხებოდა კონფლიქტებს ევროპაში, სადაც აშშ-ის ელჩმა გაეროში დააფიქსირა მკაფიო პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, და დახმარება, რომელიც მიეწოდება საქართველოს უსაფრთხოების კუთხით. ასევე, ჩვენ გვქონდა საშუალება გვესაუბრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშო აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, თუ პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის გზაზე, და აქაც გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა.
ასევე, პრემიერ მინისტრს მიეცა საშუალება ქონოდა მოკლე შეხვედრა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მოხდა შეთანხმება, რომ გაიმართება შეხვედრა ვაშინგტონში. ჩვენ ვმუშაობთ, რათა გაიმართოს აშშ-საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ფორმატის-სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სხდომა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს პრემიერმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ისევე როგორც გაიმართოს სხვა შეხვედრები პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით თეთრ-სახლში და შეხვედრები სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც მეც შევხვდი ჩემი ვიზიტისას მიმდინარე კვირის განმავლობაში.
ამერიკის ხმა: თქვენ, როგორც ახსენეთ, ელოდებით, რომ მიმდინარე წელი იქნება აქტიური ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ურთიერთობებში, რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?
მიხეილ ჯანელიძე: პირველ რიგში ეს არის ის ჩატარებული ღონისძიებები წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს სამხედრო კომიტეტი, რომლის დროს შეფასდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება საქართვლოს თავდაცვის სფეროსა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, ასევე ნატოსთან თავსებადობის ამაღლების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, ასევე ჩვენ ვთანამშრომლობთ ალიანსის წევრ ქვეყნებთან, რათა გაძლიერდეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ასევე, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა აშშ-სთან: გასულ წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორობის გაღრმავებას აშშ-სთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და ამ პარტნიორობის ხელშეწყობას.
წელს, საქართველოში ველოდებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის გამართვას, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. ამ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ_ის კონგრესმენები-უკვე დადასტურდა, რომ კონგრესის დელეგაცია იქნება ძალიან წარმომადგენლობითი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს იქნება დადასტურება პოლიტიკური მხარდაჭერის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესისადმი, ველოდებით, და იქნება მიღებული რეზოლუციები, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს და ჩვენს ევროპულ, ევროატლანტიკურ მიზნებს.
ამერიკის ხმა: როგორია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისას ეკისრება?
მიხეილ ჯანელიძე: პირველ რიგში საქართველოს პასუხისმგებლობა იყო გაეტარებინა რეფორმები, რომელიც იყო ნაწილი 2013 წელს გადმოცემული სამოქმედო გეგმისა. ეს პროცესი გულისხმობდა რთული რეფორმების გატარებას ქვეყნის შიგნით-პოლიტიკურს, სოციალურს, თუ სხვა მიმართულებით. ასევე გულისხმობდა ინსტიტუციურ რეფორმებს, რომელიც აძლევს ევროპულ სტრუქტურებს საშუალებას-ენდოს საქართველოს და ენდონ ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, როდესაც ევროკომისიამ დადო დასკვნა, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ამის შემდეგ დაიწყო პოლიტიკური პროცესი. რათქმა უნდა, მხოლოდ ტექნიკური პირობების შესრულება არ არის საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ერთადერთი საფუძველი-საჭირო იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ პროცესს დაერთო მძიმე მიგრაციული კრიზისი ევროპაში, რამაც გავლენა მოახდინა ევროპული ქვეყნების შიდა პროცესებზე. შესაბამისად, საქართველოს მოუწია დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა წევრი ქვეყნები და ევროსტრუქტურები, რომ საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი არ იქნებოდა მათთვის პრობლემის მატარებელი და ეს იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე აუცილებელი პროცესი.
დღეს, საქართველო ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ამხელა პოლიტიკური ძალისხმევის და შიგნით გატარებული რეფორმების შედეგად იქნა მიღებული. ჩვენ, შესაბამისად, ვაგრძელებთ თანამშრომლობას წევრ ქვეყნებთან და ევროპულ სტრუქტურებთან, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სანდოობას და მდგრადად ამ დიდი სარგებლის შენარჩუნებას.
Facebook Forum