რუსული შოვინისტური პოლიტიკის წყალობით, ოკუპირებული გალის რაიონი სულ უფრო ემსგავსება თანამედროვე ბანტუსტანს - აპარტეიდის დროინდელ რეზერვაციას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. კრემლი მიზანმიმართულად აგრძელებს სამურზაყანოს მკვიდრი მოსახლეობის - ეთნიკური ქართველების როგორც ინსტიტუციური, ისე ტერიტორიული სეგრეგაციის პოლიტიკას.
გალის ქართველობას უკვე აკრძალული აქვს: მშობლიურ ენაზე განათლების და ინფორმაციის მიღების უფლება, შეზღუდული - საკუთრების, უსაფრთხოების, სამართლიანი სასამართლოს, არჩევნებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებები.
რუსეთმა ამჯერად ადგილობრივი ქართველებისთვის ე.წ „დროებითი ბინადრობის მოწმობა“ დაბეჭდა და გაცემაც დაიწყო. ეს შეკვეთა რუსულმა საწარმო Монетный Двор РФ-მ სახელმწიფო შეკვეთის ფარგლებში განახორციელა.
ამიერად, გალში დროებითი ცხოვრების უფლებას რუსები მხოლოდ იმ ქართველებს მისცემენ, რომლებიც „დოკუმენტურად დაადასტურებენ“, რომ ნამდვილად დაიბადნენ გალის რაიონში, არიან „უცხოეთის მოქალაქეები“ და 1999 წლის ოქტომბრიდან, ბოლო 10 წლის მანძილზე, სამურზაყანოს ტერიტორიაზე, „მუდმივად ცხოვრობდნენ“.
საოკუპაციო რეჟიმის მთავარი მოთხოვნაა, რომ აპლიკანტმა საკუთარი სურვილით "აღიაროს", რომ საქართველოს მოქალაქეა და წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა.
ამის შემდეგ, ოკუპანტები თავად გადაწყვეტენ, რა სტატუსს იმსახურებს ეს ადამიანი, „დროებითი ბინადრობის მოწმობას“, ე.წ „აფხაზეთის მოქალაქეობას“ თუ „მოქალაქეობის არმქონე პირის“ სტატუსს.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ედუარდ მანარღიამ, გალში მოქმედი რუსულ და მეგრულენოვანი „გალ ტვ“-ის ეთერით გამოსვლისას კერძოდ განაცხადა:
საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დააჩქაროს ეს პროცესი. ამ შემთხვევაში, იქნება ცალკე სია, რომელიც უფრო სწრაფი სქემით შემოწმდება. აღარ იქნება საჭირო დამატებით იმის შემოწმება აქვს თუ არა მას საქართველოს მოქალაქეობა, რადგან იგი თავად აღიარებს ამ ფაქტს“ედუარდ მანარღია, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი გალის რაიონში
„საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დააჩქაროს ეს პროცესი. „დროებითი ბინადრობის მოწმობის“ ასაღებად განაცხადის წარმოდგენისას მას შეუძლია, მოიტანოს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტიც. ამ შემთხვევაში, იქნება ცალკე სია, რომელიც უფრო სწრაფი სქემით შემოწმდება. აღარ იქნება საჭირო დამატებით იმის შემოწმება აქვს თუ არა მას საქართველოს მოქალაქეობა, რადგან იგი თავად აღიარებს ამ ფაქტს.“
რა არის რუსული პოლიტიკის საბოლოოდ მიზანი გალში? ექსპერტების აზრით, ეს არის ოკუპირებული სამურზაყანოს რეგიონის სრული რუსიფიკაცია, სამეგრელოსა და აფხაზეთის გამთიშველ სამხედრო ანკლავად გადაქცევა და ქართული ელემენტის სრული ამოძირკვა.
ანკლავში „მოქალაქეების აღრიცხვის“ ახალი, რუსული დისკრიმინაციული პოლიტიკა გულისხმობს, ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეალური რაოდენობის დადგენას და მათ სრულ იდენტიფიცირებას, ენგურს გამოღმა მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით.
„დროებითი ბინადრობის მოწმობა“ გაიცემა მხოლოდ ხუთი წლის ვადით. მის მფლობელს არ აქვს ანკლავში არავითარი პოლიტიკური უფლება, მათ შორის, „არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება;
შეზღუდული აქვს საკუთრების უფლებაც: კერძო ქონება შეუძლია მხოლოდ გაყიდოს ან მემკვიდრეობით გადასცეს, მაგრამ არ აქვს უძრავი ქონების, მათ შორის, მიწის ან სახლის შეძენის უფლება.
„დროებით ბინადრობის მოწმობაზე“ უარის თქმის საფუძველი ნებისმიერი ფაქტორი შეიძლება გახდეს, მათ შორის აივ (შიდსის) ვირუსის არსებობა.
„დროებითი ბინადრობის მოწმობის“ მფლობელს მხოლოდ ერთი კვირის ვადით, შეეძლება მდინარე ენგური გადაკვეთოს. უფრო ხანგრძლივი ვადისთვის აუცილებელია სამედიცინო ცნობა, ვიზიტის აუცილებლობის წერილობითი დასაბუთება და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანხმობა.
იმ შემთხვევაში, თუ „მოწმობის“ მფლობელი 6 თვის მანძილზე უკან, ანკლავში არ დაბრუნდება, მას „სტატუსს“ სამუდამოდ შეუჩერებენ და ანკლავიდან გააძევებენ.როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის თავმჯდომარე ვახტან ყოლბაია ამბობს, ოკუპანტების საბოლოო მიზანი სწორედ ქართული მოსახლეობის გამოძევება და მათი ქონების კონფისკაციაა.
გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ შენ არ იტყვი უარს საქართველოს მოქალაქეობაზე, კარგავ ყველანაირ სტატუსს და იქნები გამოძევებული აფხაზეთის ტერიტორიიდან. სტატუსთან ერთად კარგავ ყველაფერს, რაც დაგიგროვებია შენ და შენს მოდგმას წარსულში“ვახტან ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის თავმჯდომარე
„გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ შენ არ იტყვი უარს საქართველოს მოქალაქეობაზე, კარგავ ყველანაირ სტატუსს და იქნები გამოძევებული აფხაზეთის ტერიტორიიდან. სტატუსთან ერთად კარგავ ყველაფერს, რაც დაგიგროვებია შენ და შენს მოდგმას წარსულში.“
ნიშანდობლივი დეტალია, რომ ანკლავში „აფხაზური პასპორტის“ აღება ან გამოცვლა ეთნიკურ აფხაზს 450 რუსული რუბლი - 18 ლარი უჯდება. მაშინ როცა „დროებითი ბინადრობის მოწმობის“ ასაღებად ეთნიკურმა ქართველმა 940 რუბლი ანუ 38 ლარი უნდა გადაიხადოს.
„დაჩქარებული წესით“, ქრთამის გადახდის შემთხვევაში, გალში, „დროებითი ბინადრობის მოწმობა“ 50 000 რუბლი, დაახლოებით 2000 ლარი, ხოლო ე.წ „ფორმა 9“ – 18 000 რუბლი - 715 ლარი „ჯდება“.
თუ „დროებით ბინადრობის მოწმობის“ ასაღებად დოკუმენტები დროულად არ წარადგინე, რუსული საოკუპაციო რეჟიმი „ფორმა 9“-ს აღარ იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ გალის რაიონში მცხოვრები, ვერც შიგნით და ვერც გარეთ, გადაადგილებას საერთოდ ვერ შეძლებს.
იურისტების შეფასებით, სამართლებრივად ოკუპირებულ ანკლავში გაცემულ არცერთ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ აქვს და საოკუპაციო რეჟიმმა ეს "მოწმობებიც“ ისევე შეუძლია გააუქმოს, როგორც ბოლო წლებში, გალის ქართველებზე გაცემული 15 000-მდე „აფხაზურ პასპორტი“ გააუქმა.
ოფიციალური თბილისი, მართალია არ აღიარებდა, მაგრამ ბოლო წლებში, ირიბად მხარს უჭერდა გალის რაიონში ქართველების მიერ „აფხაზური პასპორტების“ აღებას, რაც საქართველოს მთავარ ინტერესს - ოკუპირებულ სამურზაყანოში ქართველობის შენარჩუნებას ხელს უწყობდა.
რუსეთის სეგრეგაციულ პოლიტიკაში ახალი კომპონენტის გაჩენის შემდეგ, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, ოკუპირებულ აფხაზეთში, დაახლოებით 40 000-მდე ეთნიკური ქართველის ინტერესების დაცვას, ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის.