თბილისში, საქართველოს პარლამენტთან დღეს, 2 მარტს გამართულ აქციაზე ჟურნალისტების და აქტივისტების ნაწილი დააკავეს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განცხადებას ავრცელებს.
აქცია პარლამენტთან ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის გასაპროტესტებლად მიმდინარეობდა. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის, საჯარო წყაროების მიხედვით, დაკავებულია დაახლოებით 20-მდე ადამიანი.
საია აცხადებს, რომ "სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კონვენციური უფლებების პატივისცემით, არ გამოიყენონ არაპორპორციული ძალა, კერძოდ, დაკავება, როგორც უკიდურესი ფორმა, ასევე, უზრუნველყონ დემონსტრანტებისა და მედია წარმომადგებლების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით შეუფერხებელი სარგებლობა".
ასევე ნახეთ: აგენტებზე ნადირობის სეზონიახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო "საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ (1984) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე წლებია ავიწროებს ადგილს შეკრებებისა და გამოხატვის უფლებით მოსარგებლე პირებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას".
საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მისცეს დაკავებულებს კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, ასევე - უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზაცია და ჟურნალისტების მიერ პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება. ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მოუწოდებს, რომ შეისწავლოს მედიის წარმომადგენელთა და დემონსტრანტთა დაკავების ფაქტები და ჰქონდეს "ჯეროვანი რეაგირება შეკრების/გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევაზე, როგორც ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის მსუსხავი ეფექტის მქონე პრაქტიკაზე".
ხმაურიანი განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტებმა მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების გაერთიანება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ მხარი დაუჭირა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცა.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, აქციაზე დაკავებულებს შორის არიან გამოცემა „პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და "ტაბულის" რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილი. ჟურნალისტთა დაკავების ფაქტზე განცხადებას ასევე ავრცელებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ის გმობს მედიის წარმომადგენლების დაკავებას, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას წარმოადგენს. "ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა", - აცხადებენ ქარტიაში.
ასევე ნახეთ: "ხალხის ძალის" ინიცირებულ ორივე კანონპროექტს უცხოეთის აგენტების შესახებ, ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა