სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდოები 34 ქართველ ჟურნალისტს გადასცა.
მედლების გადაცემის ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, სადაც ჟურნალისტების ნაწილს ჯერაც ეტყობოდა იმის კვალი, რომ აქციაზე დაშავდნენ.
იქამდე ვიდრე, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა, სამოქალაქო თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დღეს ჟურნალისტები არიან ბრძოლის წინა რიგებში და მშვიდობიანად იბრძვიან თავიანთი იდენტობისთვის, ფასეულობებისთვის, ენისა და სარწმუნოებისთვის.
„თქვენ დგახართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც აიღეთ თქვენს ხელში არა მხოლოდ კამერა და არა მხოლოდ მიკროფონი, თქვენ ხელში აიღეთ ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის ბედი. ამისთვის თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, ოღონდ თქვენ ჩაიწერებით, როგორც დღევანდელი დღის ეპოქის გმირები, იმიტომ, რომ ადვილი არ არის მიხვიდე იქ, სადაც არიან მხეცები, მათ წინაშე დადგე და გაბედო, კითხვებიც დაუსვა; იყო იქ, სადაც გაზს უშვებენ, არ გაინძრე და დარჩე შენს ხალხთან ერთად; როცა ჟურნალისტებს მართლა ფეხქვეშ თელავენ და ეს არ არის ფორმულა, ეს არის რეალობა, რომ არ დანებდე, არ შეგეშინდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი თვლის, რომ სწორედ მედიის საშუალებით ხედავენ ახლა ადამიანები საქართველოში არსებულ რეალობას.
„თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანები, ვინც არ არიან გარეთ დემონსტრაციებზე, რადგან არ შეუძლიათ იქ დგომა, მათ არ ეცოდინებათ რა ხდება და თუნდაც, პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც გაშლილია რამდენიმე ქალაქში, არ გვეცოდინებოდა რომ ქვეყანა დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ.
ასე რომ, თქვენი ყოფნა და თქვენი ეს თავდადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, დღეს, ხვალ და მუდამ და ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სამოქალაქო თავდადებისთვის დაჯილდოვდნენ ტელევიზიებისა და ონლაინგამოცემების ჟურნალისტები:
- ჯონი ბაკურიძე;
- სერგი ბარამიძე;
- ნუცა ბახუტაშვილი;
- დავით ბერაძე;
- დავით ბიჭიკაშვილი;
- სალომე ბოკუჩავა;
- ნიკა ბუჩაშვილი;
- მინდია გაბაძე;
- მარიამ გაფრინდაშვილი;
- რუსუდან დუმბაძე;
- აკაკი ზარქუა;
- ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი;
- მალხაზ კანდელაკი;
- დავით კობიძე;
- ნიკოლოზ კოკაია;
- ანა ლომთაძე-მდივანი;
- მარიამ მაკასარაშვილი;
- დეა მამისეიშვილი;
- მიხეილ მარტიაშვილი;
- მირიან მელაძე;
- გივი მჭედლიშვილი;
- მარიამ ნიკურაძე;
- გურამ როგავა;
- დავით ქაშიაშვილი;
- ნანუკა ქაჯაია;
- ალექსანდრე კეშელაშვილი;
- გენადი ქვაჩახია;
- ბექა ყორშია;
- გიორგი შეწირული;
- მაკა ჩიხლაძე;
- ქეთევან ციცქიშვილი;
- პავლე ხაჩიძე;
- ირინა ყურუა;
- ბესო გაფრინდაშვილი.
პრეზიდენტის დაჯილდოებულთა სიაში ვერ მოხვდნენ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტები: „ვერ ვაჯილდოებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებს, რადგან მათი ეთიკის წესები ამის უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ მათაც დიდი მადლობა“, – დაამატა დაჯილდოების დასასრულს სალომე ზურაბიშვილმა.