საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 27 დეკემბრის სხდომის წინ, რომელზეც უკრაინის საკითხი უნდა განიხილონ, რამდენიმე მღვდელმთავარმა ღიად მოუწოდა სინოდის წევრებს უკრაინის ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. მათ შორის არიან: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა.
62 წლის ფაზისელი მიტროპოლი გრიგოლი, რომელიც 1996 წლიდან არის წმინდა სინოდის წევრი, დღეს გავრცელებულ განცხადებაში ერსა და ბერს ახსენებს, უკრაინის ავტოკეფალიაზე მსჯელობის წინ, გაიხსენონ ის არგუმენტები, რითაც რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი ეწინააღმდეგებოდა ქართველთაგან ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას.“
მიტროპოლი გრიგოლი ღიად აკრიტიკებს რუსეთის ეკლესიის პოლიტიკას, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რომ უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება არ დაუშვას და არაღიარების საკითხში, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან ერთად საქართველოს ეკლესიაც ჩაითრიოს:
„ავტოკეფალიის აღდგენის საკითხში ჩვენი ეკლესიისა და ჩვენთა წინაპართა გამოცდილება გვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ სხვათა ტკივილი და უკეთ გავაცნობიეროთ, თუ რა სირთულეებისა და რისკების წინაშე დგას უკრაინის საზოგადოება.
ავტოკეფალიის აღდგენის საკითხში ჩვენი ეკლესიისა და ჩვენთა წინაპართა გამოცდილება, გვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ სხვათა ტკივილი და უკეთ გავაცნობიეროთ, თუ რა სირთულეებისა და რისკების წინაშე დგას უკრაინის საზოგადოება. ისტორიას კარგად ახსოვს 100 წლის წინანდელი არგუმენტები, რითაც რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი ეწინააღმდეგებოდა ქართველთაგან ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას"გრიგოლი, ფაზისელი მიტროპოლი, წმინდა სინოდის წევრი
ისტორიას კარგად ახსოვს 100 წლის წინანდელი ის არგუმენტები, რითაც რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი ეწინააღმდეგებოდა ქართველთაგან ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას. ვერავითარი არგუმენტი ვერ გადაწონის უკრაინელი ხალხის სურვილს - ჰქონდეს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოზე, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიისადმი პატივისცემა გვავალებს, რომ გულისყურით და დიდი სიფრთხილით მივუდგეთ ამ საკითხს, რათა უნებლიეთ არ დავაზიანოთ უკრაინელი ხალხის ეროვნული და სულიერი ინტერესები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ პატივს მივაგებთ ერთმორწმუნე უკრაინელი ხალხის სურვილს, ჰქონდეს ადგილობრივი ეკლესია და იმედს გამოთქვამთ, რომ უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შემატება მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში გააძლიერებს მართლმადიდებლობის ხმას თანამედროვე სამყაროში.“
უკრაინის თემაზე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოების უმწვავეს დაპირისპირებაში, რაც ოქტომბერში ევქარისტიული კავშირის ცალმხრივი გაწყვეტით დასრულდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებს.
რუსეთის ეკლესიის ამ დემარშმა ხელი ვერ შეუშალა, უკრაინაში სამი ეკლესიის მიერ, ახალი ერთიანი, მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებას და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის განზრახვას 2019 წლის შობამდე უკრაინის ახალ ეკლესიას ავტოკეფალია ანუ დამოუკიდებლობა მიანიჭოს.
მოსკოვის საყდარი ბოლო თვეებია მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიებში მოკავშირეების გამალებულ მობილიზებას ცდილობს, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ, უკრაინის ახალი ეკლესიის დამოუკიდებლობა არავინ სცნოს და უკრაინის ტერიტორიაზე ისევ მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქატის კანონიკურობა აღიარონ. სწორედ ამ მიზნით, რუსეთის პატრიარქ კირილეს „მარჯვენა ხელი“ მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი საქართველოში ბოლო ექვსი თვის მანძილზე ორჯერ ჩამოვიდა.
საქართველოს ეკლესიის წიაღში რუსეთის ეპისკოპატის ბინძურ თამაშებს ღია უპირისპირდება წმინდა სინოდის კიდევ ერთი წევრი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი:
„შოვინისტური, იმპერიალისტური რუსული ინტერესის“ გარდა, მათთვის არავინ და არაფერი არსებობს. მეტი წინდახედულება და მრავალმხრივი მობილიზება ესაჭიროება საქართველოს, ასეთი პოტენციური მტრის გვერდით.
და განა დღეს პოლიტიკურ რუქაზე ფაქტობრივად დამცრობილი საქართველო მათ ბოროტებას არ ამხელს?! აფხაზეთი, სამაჩაბლო, 2008 წლის ომი, ასიათასობით ლტოლვილი, მათ უსამართლობაზე, უღვთოობაზე და დეჰუმანურობაზე არ ღაღადებს?!
რატომ არ იღებს ხმას მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიიდან, ოკუპირებული აფხაზეთი, სამაჩაბლო, მცხეთის საყდრის იურისდიქციის ფაქტიური გამოძევების წინააღმდეგ. მაგრამ ვის წინააღმდეგ უნდა აღიმაღლოს ხმა, როდესაც თავად სჩადის ამ უკანონობასმეუფე ზენონი, წმინდა სინოდის წევრი
რატომ არ იღებს ხმას მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიიდან (ოკუპირებული აფხაზეთი, სამაჩაბლო), მცხეთის საყდრის იურისდიქციის ფაქტიური გამოძევების წინააღმდეგ. მაგრამ ვის წინააღმდეგ უნდა აღიმაღლოს ხმა, როდესაც თავად სჩადის ამ უკანონობას.
რატომ არასოდეს წარმოთქვამს მოსკოვის საყდარი, მცხეთის საყდრის პირველიერარქის სრულ ტიტულს, როგორც ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა. განა ეს მათ გონებაში ფარულად არსებულ გადაწყვეტილებაზე არ მიუთითებს, რათა წარსტაცოს აფხაზეთის ეპარქია მის კანონიერ მაკურთხეველს. ცხადია, განზრახვის აღსრულებისთვის ესწრაფვის ხელსაყრელ დღეს.
რამდენჯერ იახლეს საქართველოს მხცოვანი და ფიზიკურად დაუძლურებული კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში, მაგრამ რომელი დანაპირები შეუსრულეს. ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა დევნის წინააღმდეგ კომუნიკე კომუნიკეზე იღეს, მოტყუებით კათოლიკოს-პატრიარქს ხელი მოაწერინეს და კავკასიაში ქრისტიან ქართველთა ხოცვა, დევნა-ლტოლვილობის წინააღმდეგ კომუნიკეში ადგილი ვერ გამონახეს. ან როგორ მიუჩენდნენ ადგილს, როდესაც თავად არიან ამ დევნის შემოქმედნი.
სიცრუეს სიცრუე ჰმატეს და ქართველ ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრისებში დაბრუნების პირობა ჰაერში განაბნიეს. სამაგიეროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამსჯელო ბაზები განათავსეს დაა რუსული ეკლესიების მშენებლობას მიჰყვეს ხელი, მათი იერარქების და მღვდლების უკანონო მომოსვლასთან ერთად.
უკრაინის საკითხი გაცილებით დიდი დატვირთვის მქონეა, ვიდრე ეს ახლომხედველთ წარმოუდგენია. ძალზედ მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და იერარქიის მიუკერძოებელი, სამართლიანი პოზიციის არსებობა.“
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში, რომელიც 46 მღვდელმთავარს აერთიანებს, უკრაინის ავტოკეფალიას ასევე უჭერენ მხარს, - ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები და წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე.
თეოლოგების აზრით, წმინდა სინოდში გაცილებით დიდია ე.წ "ნეიტრალურ" ანუ პრორუსულ პოზიციაზე მყოფი ეპისკოპოსების ჯგუფი, რომელსაც სათავეში კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო უდგას.