აფხაზეთისთვის უკვე სამი ეკლესია იბრძვის

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა სტამბოლში აფხაზი სასულიერო პირები მიიღო

კონსტანტინოპოლის ატოკეფალური ეკლესია კიდევ ერთი მართლმადიდებელი ეკლესია გახდა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გავლენის მოსაპოვებლად მიმდინარე „საეკლესიო ომში“ ჩაება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა გასულ კვირას, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს მიერ დოროფეი დბარისა და ანდრეი ამპარის მეთაურობით, აფხაზი სასულიერო პირების მიღება.

დღემდე ოკუპირებული აფხაზეთი, დე იურედ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში შედის, თუმცა უკვე მე-18 წელია იქ საქართველოს არც სახელმწიფო და არც საეკლესიო იურისდიქცია ვრცელდება.

დბარი სწორედ იმ ჯგუფის ლიდერია, რომელიც საქართველოს დედა ეკლესიისგან, სრულიად დამოუკიდებელი, ე.წ „აფხაზეთის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის“ ჩამოყალიბებისთვის იბრძვის.

საქართველოს ეკლესიის პროტესტის შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ განმარტა რომ "აფხაზთა ვიზიტი არ იყო ოფიციალური" და რომ, აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის განუყოფელი ტერიტორიაა. თავად დოროფეი დბარი ტელეკომპანია „აბაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში სხვა ვერსიას ავითარებს:

„პატრიარქ ბართლომესთან საუბარი შეეხო „აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს“ სტატუსის განსაზღვრას, "აფხაზეთის ეპისკოპოსის" ხელდასმას, "აფხაზეთის დამოუკიდებელი ეკლესიის" შემდგომ განვითარებასა და მის სრულფასოვან აღორძინებას.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გვითხრა, აფხაზი ხალხისთვის გადაგვეცა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია არის დედა ეკლესია და როგორც დედა ეკლესია ის შეეცდება ამ საკითხის მოგვარებას. პირველი ნაბიჯი კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე ჩვენი საკითხის განხილვა იქნება.“

ქართული ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთზე, დე იურედ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ერთად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც აღიარებს, თუმცა სინამდვილეში საეკლესიო ცხოვრებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მთლიანად რუსული ეკლესიის მაიკოპისა და ადიღეს ეპარქია წარმართავს.

1993 წლის ბოლოდან, სოხუმის დაცემისა და რუსული ოკუპაციის შემდეგ, როცა ქართულ მოსახლეობასთან ერთად, აფხაზეთი, იძულებით, საქართველოს ეკლესიის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიამაც დატოვა, იქ სულ ოთხი მღვდელი დარჩა: სამი რუსი და ერთი აფხაზი - ბესარიონ აპლია.

2009 წლამდე აპლია ფორმალურად დევნილი ქართული ეპარქიის დროებითი მმართველის სტატუსს ატარებდა, შემდეგ კი საქართველოს ეკლესიის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საერთოდ გააუქმა და თავი „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“ დროებით "მმართველად" გამოაცხადა.

2005 წლიდან სათავეს იღებს კონფლიქტი ერთის მხრივ, აპლიასა და მეორეს მხრივ, მოსკოვის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულ, აფხაზ მღვდელმსახურთა ახალი თაობის წარმომადგენლებს შორის, რომელიც საბოლოოდ, აფხაზურ საეკლესიო წრეებში სქიზმით, განხეთქილებით სრულდება.

დბარი, ამპარი, სარსანია და სხვა აფხაზი "მღვდლები", რომლებიც რუსეთის ეკლესიდან ელადის და კოსნტანტინოპოლის ეკლესიების დაქვემდებარებაში გადავიდნენ, 2011 წელს, ღიად გამოვიდნენ აპლიასა და მოსკოვის საეკლესიო პოლიტიკის წინააღმდეგ. აფხაზ „ავტოკეფალისტთა“ მოძრაობა „აფხაზეთის წმინდა სამიპროპოლიტოს“ შექმნით დასრულდა.

ამ მოძრაობას მხარი "აფხაზთა პრეზიდენტმა" ალექსანდრე ანქვამბაც დაუჭირა. განხეთქილების შედეგად რუსეთის ეკლესიის მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიამ ამპარსა და დბარს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა, თუმცა ამით აფხაზური საზოგადოების თვალში მათი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ვიზიტის შემდეგ, ამპარისა და დბარის დუეტი რუსეთის საეკლესიო პირებმა უმკაცრესად გააკრიტიკეს, ხოლო აფხაზეთში რუსეთის პატრიარქ კირილეს მარჯვენა ხელმა ბესარიონ აპლიამ მათ აფხაზი ერის მოღალატეები უწოდა.

„ეს ადამიანები მართლმადიდებელი აფხაზი ხალხისა და მოსკოვის პატრიარქატის მტრები არიან. კონსტანტინოპოლის პატრიარქს აფხაზეთთან არაფერი აკავშირებს. რუსი ბიჭები აქ საკუთარ სიცოცხლეს იღებენ, რუსეთი ჩვენ გვცნობს და ჩვენ რაღაც სხვა გაუგებარ ძალებისკენ ვიწევთ?! მე ვთვლი, რომ ეს ღალატია.“

ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული საეკლესიო სტატუს-ქვო, როცა ეს ტერიტორიები ფორმალურად ქართულად მიიჩნევა, თუმცა რეალურად მათ რუსეთის ეკლესია მართავს, დღემდე საქართველოს ეკლესიისთვის მეტ ნაკლებად მისაღები იყო.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ აფხაზეთში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის გავლენის გაძლიერების შემთხვევაში, ეს სტატუს ქვო დაირღვევა და საქართველოს ეკლესია ამისთვის მზად უნდა იყოს. საქართველოს საპატრიარქოში ამ თემაზე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

„საქართველოს ეკლესია ალბათ მზად უნდა იყოს, უნდა ჩამოყალიბდნენ. თუ უნდათ, რომ აფხაზეთში მღვდელმსახურება, საქართველოს იურისდიქციიდან გამომდინარე რუსეთმა განახორციელოს, ეს ერთია; მაგრამ, თუ ეს აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაშინ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა გვირჩევნია ჩვენ?! რუსეთს გადავცეთ დროებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მღვდელმსახურების უფლება თუ კონსტანტინოპოლის ეკლესიას?!“

საუკუნეების მანძილზე, აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) ტერიტორიაზე დასამკვიდრებლად სწორედ ეს სამი ეკლესია იბრძოდა. მეოთხე საუკუნიდან აქ არსებობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის აბაზგიის (აბაზგეთის) საარქიეპისკოპოსო ეპარქია და ნაწილობრივ, ლაზიკის სამიტროპოლიტო.

მერვე საუკუნეში ქართული ეკლესიის აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათალიკოსომ სწორედ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ეპარქიები შეცვალა. მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი აფხაზეთის საკათალიკოსო კათედრა პატრიარქ ევდემონ ჩხეტიძის მიერ, ბიჭვინთიდან გელათში იქნა გადატანილი.

1814 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებიდან 3 წლის თავზე, აფხაზეთის საკათალიკოსოც, რუსეთის ეკლესიამ შეიერთა და "სულიერ ცხოვრებას", ისევე როგორ დანარჩენ საქართველოს უკვე რუსი ეგზარქოსები მართავდნენ.

საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია 1943 წელს აღიდგინა და მომდევნო 50 წლის მანძილზე აფხაზეთში ისევ ქართველი ეპისკოპოსები მოღვაწეობენ, მათ შორის (1967-77) საქართველოს ამჟამინდელი პატრიარქი ილია მეორეც იყო.

დღეს ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიმდინარე „საეკლესიო ომში“ სხვა და სხვა ფორმით, სამივე - რუსული, კონსტანტინოპოლის და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა ჩაბმული და რეალურად, ყველაზე სუსტი საქართველოს ეკლესიის პოზიციებია.