საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები ევროპარლამენტის „უსამართლო გადაწყვეტილებებს“ უნდა გაემიჯნონ. მან ეს კომენტარი მედიის კითხვის პასუხად გააკეთა. ის გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც დეპუტატ ანა ფოტიგას ინიციატივით შევიდა შესწორება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხება - დეპუტატი შესწორებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"მე მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში. ეს, პირველ რიგში, დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე, საზოგადოების 85%-იანი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ უნდა შენარჩუნდეს მყარად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის, მაგრამ ამაში ხელს გვიშლის ევროპარლამენტი. ჩვენი მოწოდება, ამ შემთხვევაში შევატრიალებთ მოწოდებას: დაგვეხმარონ, რომ დავეხმაროთ. თუ ევროპარლამენტი არ დაგვეხმარება, ჩვენ გაგვიჭირდება მათი დახმარება. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. ეს მაჩვენებელი არის 85%, ვიღაცები ხელოვნურად ცდილობენ, დაწიონ ეს მაჩვენებელი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ: ვის არ სურს საქართველო ევროკავშირში?საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 2022 წელს ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ არაჯანსაღი პროცესები განვითარდა. მისი განმარტებით, ბრიუსელში ვიზიტისას, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დახურულ შეხვედრაზე „ძალიან ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა“. კობახიძე მოელის, რომ ევროპარლამენტი არ გაიმეორებს ძველ პრეცედენტებს.
საგარეო პოლიტიკის წლიური ანგარიში, რომელიც ევროპარლამენტმა 28 თებერვალს დაამტკიცა, „ქართული ოცნების" მხრიდან მორიგი შეტევის საფუძველი გახდა. თბილისის მერმა, საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის აზიანებს დასავლეთთან ურთიერთობებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს.
ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას („ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან") ინიციატივით, პროექტში შეიტანეს შესწორება, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეხება: „[ევროპარლამენტი] იმეორებს თავის მოწოდებას, გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილი სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და ახალისებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება, რაც წვლილს შეიტანს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაში".
ანგარიშში შევიდა ფოტიგას კიდევ ერთი შესწორება. კერძოდ, დოკუმენტში მკაცრად დაგმობილია ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის მშენებლობის გეგმა. ევროპარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ასეთი უხეში დარღვევის დასასჯელად მხარი დაუჭიროს ყველა მოქმედებას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია 2023 წლის 15 თებერვალს დაამტკიცა.
Your browser doesn’t support HTML5