სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პარიზი, საფრანგეთი. 7 დეკემბერი, 2024წ.

7 დეკემბერს, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ, როგორც სალომე ზურაბიშვილი, ისე ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ "ექსის" მეშვეობით ავრცელებენ.

"მადლობა პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხისადმი. ჩვენი ერების ბრძოლა დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის გაიმარჯვებს - ალტერნატივა არ არსებობს",- წერს ზურაბიშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ:

"პარიზში, საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს შევხვდი. გამოვხატე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი, რომელიც იბრძვის თავისი ღირსეული მომავლისთვის. ხაზი გავუსვი, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის მთავრობის [მცდელობის] პრევენცია, რომ ქვეყანა პუტინს გადასცეს, აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის. რუსეთისთვის ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ეს ეხება შავი ზღვის რეგიონის კონტროლს, რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველას ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონში და მთელ ევროპაში.

მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ უკრაინა კოორდინაციას გაუწევს პარტნიორებთან ერთად, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი [მომხდარზე] და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც ისინი იცავენ თავიანთ უფლებას, იცხოვრონ თავისუფლად და დამოუკიდებლად".

ზურაბიშვილი ახლა საფრანგეთში პრეზიდენტ მაკრონის მიწვევით იმყოფება, სადაც მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას ესწრება. პარიზში ყოფნისას, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და "ექსის" მფლობელსა და დონალდ ტრამპის გარდამავალი გუნდის წევრ ილონ მასკს.